ფეხბურთი

20:45 | 16.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკული გამოცემა: ქოჩორაშვილი MLS-ის კლუბებისთვის საინტერესო ფეხბურთელია

ამერიკელმა ჟურნალისტმა ჯოზეფ ლოუერმა წერილი გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელების შესახებ, რომლებმაც ევრო 2024-ზე და კოპა ამერიკაზე ითამაშეს და MLS-ის კლუბებისთვის საინტერესო შეიძლება იყოს მათი ტრანსფერები.

აღსანიშნავია, რომ ხსენებულ ათეულში „ლევანტეს“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილიც შეიყვანა, რომელიც მისი აზრით, MLS-ის კლუბებისთვის საინტერესო ფეხბურთელია.

„ატლანტა იუნაიტედის“ ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე ევრო 2024-ზე MLS-დან იყო. ქართველის თანაგუნდელებს თუ გადავხედავთ, „ლევანტეს“ 25 წლის ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი შეიძლება იყოს კანდიდატი ოკეანის გაღმა სათამაშოდ. მან საქართველოს ოთხივე მატჩში ითამაშა. ქოჩორაშვილს საკლუბო დონეზე განსაკუთრებული სეზონი არ ჰქონია, ლა ლიგა 2-ის გასულ სეზონში მხოლოდ 1287 წუთი ითამაშა. თუმცა, ის ძალიან მშრომელია უბურთოდ და რგოლებს შორის კავშირისთვის სასარგებლო ფეხბურთელი. ის შეიძლება იყოს სასარგებლო მე-8 ნომერი ამერიკული კლუბებისთვის“, - წერს ჟურნალისტი ჯოზეფ ლოუერი.

ქოჩორაშვილის გარდა, მის სიაში მოხვდნენ იაკუბ პიოტროვსკი (პოლონეთი), ონდრეი დუდა (სლოვაკეთი), მიხაელ გრეგორიტში (ავსტრია), რიკარდო როდრიგესი (შვეიცარია), ენერ ვალენსია (ეკვადორი), ჯონ იებოა (ეკვადორი), ხამეს როდრიგესი (კოლუმბია), უორენ მადრიგალი (კოსტა რიკა) და სესარ უერტა (მექსიკა).

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილმა „ლევანტესთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე ევროპის ჩემპიონატის წინ გაახანგრძლივა. იტალიურმა მედიამ ის ცოტა ხნის წინ რომის „ლაციოს“ დაუკავშირა.

0.134547