ფეხბურთი

23:36 | 15.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძემ "მონაკოს" უარი უთხრა და "ლიონს" შეუთანხმდა!

საქართველოს ნაკრების და „მეცის“ თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის „მონაკოში“ ტრანსფერი თითქოს გადაწყვეტილი იყო, მაგრამ როგორც ჩანს სიტუაცია შეიცვალა.

როგორც L’Equipe წერს, 23 წლის ქართველმა ფეხბურთელმა „თავადებს“ უარი უთხრა და „ლიონში“ აპირებს კარიერის გაგრძელებას, რომელსაც 5-წლიან კონტრაქტსა და ხელფასზე უკვე შეუთანხმდა.

ამრიგად, თუ კიდევ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, გიორგი „ლიონში“ დაბრუნდება, რომლის აკადემიაში დაიწყო მისი საფეხბურთო კარიერა.

„ლიონი“ ამჟამად მოლაპარაკებებს „მეცთან“ აწარმოებს, რომელიც 20-25 მილიონ ევროს ითხოვს. სპორტული დირექტორი დავიდ ფრიო და გენერალური დირექტორი მიხაელ გერლინგერი ტრანსფერზე წარმატებით მუშაობენ.

„ლიონის“ ხელმძღვანელები რამდენიმე კვირაა მუშაობენ ლიონში დაბადებულ და აკადემია გამოვლილ გიორგი მიქაუტაძესთან და საკმაოდ კოლოსალური სამუშაო გასწირეს, რომ დაერწმუნებინათ ის, მიუხედავად მის პოზიციაზე ალექსანდრ ლაკაზეტის ყოფნისა, რომელმაც საუდის არაბეთის სარფიან შემოთავაზებაზე უარი თქვა. სპორტული დირექტორი დავიდ ფრიო და გენერალური დირექტორი მიხაელ გერლინგერი მუდმივ კონტაქტზე არიან. ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირსაც დიდი დრო არ დასჭირვებია შეთანხმების მისაღწევად მის საყვარელ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტზე და ოდნავ უფრო მაღალ ხელფასზე, ვიდრე „აიაქსში“ იღებდა.

ლიონელები ახლა მოლაპარაკებებს აწარმოებენ „მეცთან“, რომელმაც „აიაქსიდან“ მის გამოსასყიდი პუნქტი გააქტიურა. მათ „მონაკოსთან“ 20 მილიონზე (პლუს 5 მილიონი ბონუსი) მიღწეული ჰქონდათ შეთანხმება, მაგრამ მიქაუტაძემ არ ისურვა „თავადების“ კლუბში გადასვლა. „ლიონი“ იმედოვნებს, რომ შვებულებაში მყოფ თავდამსხმელს მალე დაეყრდნობა, რადგან აგვისტოში ლაკაზეტი გუნდისთვის ხელმისაწვდომი არ იქნება ოლიმპიადაზე მონაწილეობის გამო“, - წერს L’Equipe.

გიორგი მიქაუტაძემ ფეხბურთის თამაში „ლიონის“ აკადემიაში დაიწყო, მაგრამ პროფესიონალურ დონეზე „მეცის“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 63 მატჩში 38 გოლი გაიტანა, მათ შორის, გასულ სეზონში ლიგა 1-ში 22 თამაშში თავი 14-ჯერ გამოიჩინა. გიორგის ასევე უთამაშია „აიაქსში“ (9 მატჩი, 0 გოლი) და ბელგიურ „სერენში“, სადაც 57 შეხვედრაში 36 გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრების ღირსებას მიქაუტაძე 2021 წლიდან იცავს და 29 შეხვედრაში 13 გოლი აქვს გატანილი, რითაც ნაკრების ყველა დროის გოლეადორთა შორის უკვე ათეულშია. გიორგიმ ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა ევრო 2024, სადაც ოთხ თამაშში 3 გოლით და 1 საგოლე პასით გამოირჩა და ტურნირის თანაბომბარდირი გახდა.

„ლიონი“ მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაზე ითამაშებს, გუნდის მთავარი მწვრთნელი კი პიერ საჟია. შეტევაში ოლიმპიკელთა ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი ალექსანდრ ლაკაზეტია.

0.134407