საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ბულგარეთთან მატჩში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფიდან გასვლის ზღვარზეა. რუმინეთის ქალაქ პიეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ქართველებმა პირველი მარცხი გუშინ, მასპინძლებთან განიცადეს, თუმცა ჯგუფიდან 2 გუნდი გადის და დანარჩენ მეტოქეებს თუ მოუგებს, საქართველო მეოთხედფინალში გავა. მისიის 50 პროცენტი დღეს ბულგარეთის ძლევით შესრულდა: კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა კერკეტი ბულგარეთის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში – 88:84 (სტატისტიკა) დაამარცხა და ახლა ჩვენთვის ყველაფერი 1 მატჩზე ჰკიდია: ზეგ, 16 ივლისს საქართველო ესტონეთს ხვდება და თუ დაამარცხებს, მეოთხედფინალში გადის.
ბულგარეთი პირველ ტურში ისვენებდა და მეორე ტურში დაძაბულ ბრძოლაში ესტონეთთან 65:67 დამარცხდა. სლავებს 2-დან 2 მარცხი აქვთ და ჯგუფიდან გასვლის შანსი ფაქტობრივად აღარ გააჩნიათ. რუმინეთი დაუმარცხებელი და მთავარი ფავორიტია – მასპინძლებმა პირველ ტურში, დაძაბულ ბრძოლაში ესტონეთი 73:70 დაამარცხეს. როგორც შედეგები აჩვენებს – რუმინეთი, ესტონეთი, საქართველო და ბულგარეთი ერთი ძალის გუნდები არიან და მეოთხედფინალში გასასვლელ რბოლას ბულგარელები ბრძოლაში განცდილი 2 მარცხის (ესტონეთთან და საქართველოსთან) გამო გამოეთიშნენ.
დღეს ლიდერი რუმინეთი აუტსაიდერ ალბანეთს ხვდება და მოუგებს. მასპინძლებმა ბოლო ტურში ბულგარეთთან რომც წააგონ, ჯგუფიდან მაინც გასულები არიან (3 მოგება, 1 მარცხი). ასე და ამგვარად, რუმინეთს (ალბანეთს თუ მოუგებს) ჯგუფიდან გასვლა გარანტირებული აქვს და მეორე მეოთხედფინალისტი საქართველო – ესტონეთის მატჩში გამარჯვებული გუნდი იქნება.
ახლა გადავხედოთ ბულგარეთთან მოგებულ მატჩს, რომელიც თავიდან ბოლომდე დაძაბული იყო. პერიოდებით რომ მივყვეთ, პირველის შემდეგ საქართველო 1 ქულას იგებდა, დიდ შესვენებაზეც იგივე სხვაობა იყო, ხოლო მესამე ათწუთეულის შემდეგ ფრე დაფიქსირდა. ბოლო პერიოდში საქართველომ ძალები მოიკრიბა, ერთ მუშტად შეიკრა და გამარჯვება მოიპოვა.
თანაბარი თამაში გაგრძელდა ბოლო პერიოდშიც, ვიდრე ბოლო წუთებმა არ მოატანა. დასრულებამდე 3:50 წუთით ადრე კრასტომირ მიჰოვის სამქულიანის შემდეგ ბულგარეთი 77:76 დაწინაურდა, თუმცა ქართველებმა საკადრისად უპასუხეს: გიორგი ოჩხიკიძემ, ვატო გაჩეჩილაძემ და ბაქარ ბერეკაშვილმა შედეგიანი შეტევებით საქართველო 84:77 დააწინაურეს, რაც დარჩენილ დროს (01:42) თუ გავითვალისწინებთ, ფაქტობრივად გამარჯვებას ნიშნავდა.
საბოლოოდ ასეც მოხდა, თუმცა ერთ ეპიზოდში ჰრისტო ბაჩკოვმა სამიანი ჩააგდო, მანამდე კი კრასიმირ პეტროვს საჯარიმოები ჰქონდა მითვლილი და მატჩის დასრულებამდე 42 წამით ადრე სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა (82:84). ლუკა ალავიძის ორქულიანი, შემდეგ კი საჯარიმოები საქართველოსთვის უაღრესად საჭირო და გამარჯვების მომტანი იყო. ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა 4 ქულით იმარჯვა და როგორც თავში ვთქვით, ჯგუფიდან გასვლამდე 1 მოგება უკლია.
ბულგარეთთან მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი სულაბერიძე გახდა, რომლის ბეჭებზეც გადაიარა მთელმა თამაშმა. ქუთაისელმა მძიმე ფორვარდმა მიმდინარე ტურნირზე სარეკორდოდ ბევრი – 20 ბურთი მოხსნა. 20 მოხსნასთან ერთად სულაბერიძემ 22 ქულაც მიითვალა და მატჩში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. 19 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი გიორგი ოჩხიკიძემ მოაგროვა, ვატო გაჩეჩილაძის ანგარიშზე 13 ქულა და 6 მოხსნა დაგროვდა. ანრი ბელთაძე 12 ქულითა და 6 მოხსნით გამოირჩა.
ქართველებისთვის (ესტონელებისთვისაც) ყოფნა-არყოფნის მატჩი 16 ივლისს, თბილისის დროით 16:30 საათზე გაიმართება.
GBF.GE