საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების პირველი მარცხი ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში, რომელიც გუშინ რუმინეთის ქალაქ პიეშტში დაიწყო. პირველ მატჩში ალბანეთის განადგურების შემდეგ ქართველები დღეს მასპინძელ რუმინელებს შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში – 76:86 (სტატისტიკა) წააგეს. რუმინეთი საკმაოდ ძლიერი გუნდია, რომელიც საკუთარ კედლებში თამაშობს და A დივიზიონში გადასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. მასპინძლებმა პირველ ტურში ესტონეთს მოუგეს და ცხადია, საქართველოსთანაც მხოლოდ მოგებას გეგმავდნენ.
კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა რუმინელებს სოლიდური წინააღმდეგობა გაუწია. პირველი პერიოდის შემდეგ 6 ქულით გალიდერებულ მასპინძლებს ქართველებმა დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა 2 ქულამდე შეუმცირეს, თუმც მესამე ათწუთეულში ტუდორ სომაჩესკუსა და დავიდ ლაპუსტეს მექულეობით რუმინელები ისევ ხელჩასაჭიდად დაწინაურდნენ. მასპინძლებმა პერიოდი 24:19 მოიგეს და ბოლო მეოთხედს 7-ქულიანი ლიდერობით შეეგებნენ.
ბოლო პერიოდი კვლავ მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, რომლებმაც უპირატესობის კიდევ უფრო გაზრდა მოახერხეს და დასრულებამდე 4 წუთით ადრე 16 ქულით – 80:64 დაწინაურდნენ. თითქოს ყველაფერი აქ გადასწყდა, მაგრამ ჩვენი ნაკრები ვა-ბანკზე წავიდა და გაუმართლა. გიორგი სულაბერიძემ ზედიზედ ორჯერ სამქულიანები ჩააგდო, ორიანიც მიითვალა, მანამდე კი სერგი ნინუას ზუსტი საჯარიმოებიც ჩვენს ანგარიშში ჩაჩხრიალდა და დასრულებამდე 2 წუთით ადრე სხვაობა 6 ქულამდე შემცირდა. საქართველომ 10:0 გაქცევა მოაწყო და როგორც იტყვიან, თამაშში დაბრუნდა.
სამწუხაროდ, ეს აღმოჩნდა მაქსიმუმი. რუმინელებმა ჩააგდეს, ქართველებს კი აღარ გაუმართლდა, სროლები გააცუდეს და მასპინძლებმა ბოლო წუთზე კვლავ 10-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს. შეხვედრაც ამ სხვაობით დასრულდა და რუმინეთმა ჩვენი ჯგუფიდან გასვლაზე ყველაზე სოლიდური განაცხადი გააკეთა.
საქართველოს ნაკრებში 17 ქულით ბომბარდირი სულაბერიძე გახდა, რომელმაც 0 ორქულიანი და 5 საჯარიმო გააცუდა და ამის გამო სარგებლიანობის ინდექსით ჩვენიანთა ლიდერებში ვერ შევიდა. ამ მხრივ ყველაზე სარგებლიანი ვაო გაჩეჩილაძე იყო – 9 ქულა, 7 მოხსნა, 0 დაკარგვა და თამაშიდან სროლის 80-პროცენტიანი მაჩვენებელი (5-დან 4). 14 ქულა და 7 მოხსნა ბაქარ ბერეკაშვილმა მოაგროვა, ლუკა ალავიძის ანგარიშზე 12 ქულა, 6 მოხსნა და 3 ჩაჭრა დაგროვდა.
საქართველოს ნაკრები მომავალ მატჩს 14 ივლისს, ბულგარეთთან გამართავს.
GBF.GE