ფეხბურთი

0:57 | 12.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" კონფერენს ლიგის პირველი მატჩი წააგო

„დინამო თბილისმა“ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი მონტენეგროს „მორნართან“ სტუმრად წააგო.

თბილისურმა გუნდმა თამაში ძალიან ცუდად დაიწყო და ორწუთიან ინტერვალში ორი ბურთით ჩამორჩა. ჯერ მარკო დიურიშიჩმა გახსნა ულამაზესი საჯარიმო დარტყმით ანგარიში, ხოლო ორი წუთის შემდეგ მან საგოლე პასიც მიითვალა და მილან ვუშუროვიჩს სხვაობის გაზრდაში დაეხმარა.

ზოგადად, პირველი ტაიმი კოშმარული გამოდგა და „დინამოს“ შანსი არ ჰქონია. აღსანიშნავია, რომ ქართული გუნდი მოედანზე ძალიან ახალგაზრდული შემადგენლობით იყო. მაგალითად, ძირითადში იყვნენ 15 და 16 წლის ფეხბურთელები...

მეორე ნახევარი ფერდინანდ ფელდოფერის გუნდმა გაცილებით უკეთ ჩაატარა, შედარებაც არ იყო. სტუმრებმა რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნეს, უპირატესობას ფლობდნენ. თუმცა, გოლი არ ჩანდა. მატჩის მიწურულს მონტენეგროელები მოედანზე კაცნაკლული დარჩნენ, რითაც „დინამომ“ ისარგებლა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე ნიკოლოზ უგრეხელიძემ თავური დარტყმით გაიტანა და სხვაობა შეამცირა. ამ გოლით „დინამოს“ საპასუხო მატჩის წინ შანსი ერთი-ორად გაეზარდა. თუმცა, შეიძლებოდა პოდგორიცაშიც არც წაეგო, რადგან 95-ე წუთზე საბა ხვადაგიანმა 5 მეტრიდან ურეალურესი მომენტი ვერ გამოიყენა და ისეთ მომენტში ვერ შეაგდო, აცილება უფრო რთული რომ იყო, ვიდრე გატანა...

სხვათა შორის, "მორნარმა" თავის 101-წლიან ისტორიაში დღეს პირველი მატჩი ჩაატარა ევროტურნირებზე და მოიგო...

საბოლოოდ, 1:2 და ყველაფერი საპასუხო მატჩში გაირკვევა, რომელიც ერთ კვირაში თბილისში გაიმართება.

„მორნარი“ – „დინამო თბილისი“ 2:1 (2:0)

პოდგორიცა

„მორნარი“ (4-3-3): პოპოვიჩი; სტევანოვიჩი, ბაოშიჩი, მიტროვიჩი, ვუკოტიჩი (სერატიჩი 71); დუბლიევიჩი (ცეტკოვიჩი 71), კალუდიეროვიჩი, დიურიშიჩი (ვუკოვიჩი 90); ზორიჩი (კიში 66), ონდონ-მბა (ვუაიჩიჩი 90), ვუშუროჩი

მწვრთნელი: სიმო მედიგოვიჩი

„დინამო თბილისი“ (4-2-3-1): მაქაცარია; ხადაგიანი, უგრეხელიძე, კალანდაძე, ხარებაშვილი (ბაგრატიონი 81); ლომინაძე (სხირტლაძე (46), ოსიყმაშვილი (მოისწრაფიშვილი 69); ცეცხლაძე (სამუშია 46), სიმონი, სანტისი; სალია (იობაშვილი 70)

მწვრთნელი: ფერდინანდ ფელდოფერი

გოლები: 1:0 დიურიშიჩი (20), 2:0 ვუშუროვიჩი (23), 2:1 უგრეხელიძე (90)

გაფრთხილება: დუბლიევიჩი (38), დიურიშიჩი (89) - უგრეხელიძე (44), კალანდაძე (68), მოისწრაფიშვილი (87), ხვადაგიანი (87)

გაძევება: სერატლიჩი (84)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 3 (3) – 11 (3) ბურთის ფლობა: 32%-68% კუთხურები: 1:2 თამაშგარე: 0:3

მსაჯი: გოშო გინჩევი (ბულგარეთი)

0.132153