ევროპის ჩემპიონატის ფინალს, ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის 35 წლის ფრანგი არბიტრი, ფრანსუა ლეტესიე იმსაჯებს.
ელოდნენ, რომ უეფა ფინალის მსაჯობას უფრო გამოცდილ არბიტრს მიანდობდა, მაგრამ გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა.
ლეტესიეს ასისტენტები იქნებიან მისი თანამემამულეები მეჰდი რაჰმუნი და სირილ მუჟნიე, მეოთხე არბიტრად კი შიმონ მარჩინიაკი დანიშნეს. VAR-ის ოთახში ოთხი მსაჯი იმუშავებს: იტალიელი მასიმილიანო ირატი, ფრანგები ვილი დელაიო და ჟერომ ბრისარი და პოლონელი ტომაშ ლისტკიევიჩი.
ფრანსუა ლეტესიემ ევრო 2024-ზე სამი მატჩი იმსაჯა, მათ შორის, ესპანეთი-საქართველო. სწორედ ამ შეხვედრაში, ესპანელთა პირველმა გოლმა კამათი გამოიწვია, ბევრის აზრით, ის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო. გარდა ამისა, ლეტესიემ განსაჯა ალბანეთი-ხორვატია (2:2) და დანია-სერბეთი (0:0).
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალი 14 ივლისს, ბერლინში გაიმართება, რომელშიც ესპანეთი და ინგლისი დაუპირისპირდებიან.