ფეხბურთი

0:03 | 11.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმი" "ლუდოგორეცთან" ბულგარეთში დამარცხდა

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი „დინამო ბათუმი“ ბულგარეთის ჩემპიონ „ლუდოგორეცს“ რაზგრადში ესტუმრა და 1:3 წააგო.

შესაბამისად, საპასუხო მატჩის წინ საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია, რადგან მინიმუმ ორბურთიანი სხვაობით მოგება სჭირდება. ანდრეი დემჩენკოს გუნდმა ბულგარეთში განსაკუთრებით პირველი ტაიმი, მეტწილად თამაშის სტარტი ჩააგდო, როცა ძალიან სუსტად გამოიყურებოდა.

მე-13 წუთზე „ლუდოგორეცის“ ფეხბურთელებმა უმარტივესად გაითამაშეს კომბინაცია, ისე თითქოს, მოედანზე მარტო იყვნენ. შედეგად, ანგარიში განელმა თავდამსხმელმა ბერნარ ტეკპეტიმ გახსნა. 10 წუთში მასპინძელთა მორიგი მარტივი კომბინაცია დასრულდა გოლით - ბრაზილიელმა შემტევმა რიკიმ გაიტანა.

პირველი ტაიმი მართლაც ძალიან ცუდი იყო და არც ის ჩანდა, მეორე ნახევარში სტუმრებს როგორ უნდა შეეტანათ გარდატეხა. თუმცა, დემჩენკოს გუნდმა მეორე ტაიმი გაცილებით უკეთ დაიწყო, ჯერ საგოლე მომენტებიც შექმნა, მერე შესანიშნავი კომბინაციით გოლიც გაიტანა. ძალიან კარგი იერიში ვლადიმერ მამუჩაშვილმა დაასრულა ეფექტური გოლით - 2:1.

და, ზუსტად მაშინ, როცა თამაში ბათუმელთა მხარეს გადაიხარა და შეიძლებოდა ანგარიშის გათანაბრებაზეც ფიქრი, საქართველოს ჩემპიონმა გოლი გაუშვა. ნორვეგიელმა ასლაკ ფონ ვიტრიმ საჯარიმო დარტყმით გაუტანა ბათუმელთა დებიუტანტ პორტუგალიელ მეკარეს. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა და ბულგარელებმა 3:1 მოიგეს.

ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი ერთ კვირაში, 17 ივლისს, ბათუმში გაიმართება.

„ლუდოგორეცი“ – „დინამო ბათუმი“ 3:1 (2:0)

რაზგრადი, „ჰუვეფარმა არენა“

„ლუდოგორეცი“ (4-3-3): პადტი; ვიტრი, ვერდონი, ალმეიდა, ნედიალკოვი (სონი 46); პედრო ნარესი, ნედელევი (პიოტროვსკი 68), ჩოჩევი; რიკი, სეკო (ტისერა 67), ტეკპეტი (ვიდალი 67)

მწვრთნელი: გეორგი დერმენჯიევი

„დინამო ბათუმი“ (4-3-3): სილვა; მალი, კობახიძე, ხარაბაძე, ვანდერსონი; მამუჩაშვილი, ალეფ სანტოსი, ჟან ვიკტორი (ტამბედუ 76); ღუდუშაური, ბლესა (მარა 72), გომისი (ინჯგია 90)

მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო

გოლები: 1:0 ტეკპეტი (13), 2:0 რიკი (24), 2:1 მამუჩაშვილი (62), 3:1 ვიტრი (72)

გაფრთხილება: ალეფ სანტოსი (32), ხარაბაძე (45), ღუდუშაური (85)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (7) – 8 (2) ბურთის ფლობა: 38%-62% კუთხურები: 3:2 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: რობერტ შრიოდერი (გერმანია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.129271