ფეხბურთი

22:18 | 10.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

სტივ კინი: "საკმაოდ რთულ თამაშს ველოდებით"

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანურ „ტირანასთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა. როგორც შოტლანდიელმა აღნიშნა, მეტოქე ანგარიშგასაწევია და რთულ თამაშს ელოდება.

„გუნდში კარგი განწყობაა. მინდა მეტოქის მიმართ პატივისცემა გამოვხატო. ჩვენ 100%-ით დავიხარჯებით. „ტირანა“ საშინაო ასპარეზზე ძალიან კარგად გამოიყურება, საკმაოდ რთულ თამაშს ველოდებით და ყველაფერი ორი მატჩის ჯამში გადაწყდება. მეტოქე ანგარიშგასაწევი გუნდია. „ტორპედოს“ ჩემი ხელმძღვანელობით კონფერენს ლიგაზე თამაშის გამოცდილება აქვს. მატჩისთვის სრული დატვირთვით ვემზადებით და ვფიქრობ შეხვედრა ჩვენთვის წარმატებით დასრულდება. მამადუ სახოს რამდენიმე თვე არ უთამაშია, თუმცა ის 100%-ით მზადაა და მეორე თამაშში დიდი ალბათობით ითამაშებს. რაც შეეხება ბიძინაშვილსა და ფაცაციას, მართალია რამდენიმე დღის წინ შემოგვიერთდნენ, თუმცა მათ თამაშს წინ არაფერი უდგას.

გუნდი ამ შეხვედრამდე წაუგებელი სერიით მოვიდა, ეს კი ბევრ რამეზე მეტყველებს: ტურიდან ტურამდე შევთამაშდით, ახალმა ფეხბურთელებმაც გაგვაძლიერეს, ფიზიკურად კარგ ფორმაში ვიმყოფებით. მაქსიმალურად ვეცდებით ჩვენი გულშემატკივრის წინ სასურველი შედეგის მიღწევას. იმედი მაქვს და მჯერა, რომ სტადიონი ხვალ სავსე იქნება და გუნდს გულშემატკივრის მხარდაჭერა არ მოაკლდება“, - თქვა კინმა.

კომენტარი გააკეთა "ტორპედოს" კაპიტანმა მერაბ გიგაურმაც: "ტირანას" სახით საკმაოდ ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, თუმცა მეტოქე შევისწავლეთ და მჯერა, სასურველ შედეგს მივაღწევთ. დარწმუნებული ვარ, რომ სავსე ტრიბუნების წინ ვითამაშებთ, გულშემატკივრის მხარდაჭერა კი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გუნდში მშვენიერი ატმოსფეროა. მზად ვართ ხვალინდელი მატჩისთვის”.

შეგახსენებთ, რომ „ტორპედოს“ და „ტირანას“ მატჩი 11 ივლისს, 21:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114245