ფეხბურთი

15:50 | 10.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ნაპოლიმ" ლეონარდო სპინაცოლა დაიმატა

„ნაპოლიმ“ გამოცდილი იტალიელი მარცხენა მცველი, ლეონარდო სპინაცოლა დაიმატა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

31 წლის ფეხბურთელი „ნაპოლის“ „რომასთან“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ უფასოდ შეუერთდა და ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ასე რომ, თუ ხვიჩა კვარაცხელია გუნდში დარჩება, მარცხენა ფლანგზე ახალი პარტნიორი ეყოლება. იტალიელი მცველი ანტონიო კონტეს პირველი ახალწვეულია "აძურის" რიგებში.

იტალიელის ხელფასი სეზონში 1.8 მილიონი ევრო იქნება და უფრო ნაკლებს მიიღებს, ვიდრე "რომაში" იღებდა, სადაც წლიურად 3 მილიონს გამოიმუშავებდა.

ლეონარდო სპინაცოლა „რომაში“ 2019-2024 წლებში თამაშობდა და 151 მატჩში 7 გოლი გაიტანა. მანამდე „ატალანტას“, „იუვენტუსის“, „ემპოლის“, „ვირტუს ლანჩანოს“, „სიენას“, „ვიჩენცას“ და „პერუჯას“ ღირსებას იცავდა.

იტალიის ნაკრებში სპინაცოლას 24 მატჩი აქვს ჩატარებული და 2021 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, იმავე ტურნირზე ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

0.121016