ფეხბურთი

14:32 | 10.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ქალთა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ბელარუსთან და ლიეტუვასთან გასამართი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.

9 ივლისს, ჩვენმა გუნდმა დავით პეტრიაშვილი არენაზე ივარჯიშა. მოახლოებული მატჩებისთვის მზადების შესახებ ჩვენი გუნდი მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა და ფეხბურთელებმა - ნათია დანელიამ და სოფიკო ნარსიამ ისაუბრეს.

ირის ანტმანი (საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "რთულ ჯგუფში ვართ. თუ მომდევნო ეტაპზე გასვლა გვსურს, მოახლოებულ მატჩებში ქულები უნდა მოვიპოვოთ. დარწმუნებული ვარ, გოგონებს ეს შეუძლიათ, რაც არაერთხელ დაამტკიცეს კარგი თამაშით, დისციპლინის დაცვით და შრომით. სავარჯიშო პროცესი კარგად მიმდინარეობს. გვყავს ახალი ფეხბურთელი, სოფი ხელაშვილი, რომელიც 2008 წელს არის დაბადებული და აშშ-ში თამაშობს. სხვა ფეხბურთელებს მსგავსად, ის აქ არის, რათა დაეხმაროს ეროვნულ ნაკრებს. ჩვენი მომავალი თაობა უკვე აქ არის. გუნდში, რომელმაც აჩვენა, რომ შეუძლია კარგი ფეხბურთის თამაში.

ბელარუსი არა მხოლოდ ჩვენი ჯგუფის, არამედ დივიზიონის საუკეთესო გუნდია. იმედი მაქვს, რომ გულშემატკივრები მრავლად იქნებიან და მხარს დაუჭერენ ეროვნულ ნაკრებს, როგორც ეს კვიპროსთან და ლიეტუვასთან მატჩებში იყო. ვნახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია მათი ძალა, მათ შორის ევრო 2024-ზე. გულშემატკივართა მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება. რა თქმა უნდა, რთული მატჩი გველის, მაგრამ ქომაგების მხარდაჭერით და ფეხბურთელების სწორი თამაშით, ქულების მოპოვებას შევძლებთ.

ნათია დანელია (ქალთა ნაკრების ფეხბურთელი): "საკვალიფიკაციო ეტაპის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩები გველის. გუნდში საუკეთესო განწყობაა. ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, როგორც ფეხბურთელები, ისე სტაფის თითოეული წევრი. იმედია, დასახულ მიზანს ერთად მივაღწევთ.

კვიპროსთან ორივე მატჩის მოგებამ თავდაჯერება მოგვცა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ექვსი ქულა, რათა მომავალზე გვეფიქრა. გვჯერა საკუთარი შესაძლებლობების და სწორედ ამიტომ ვფიქრობთ ასეთ დიდ შედეგზე, ჯგუფიდან გასვლაზე".

სოფიკო ნარსია (ქალთა ნაკრების ფეხბურთელი): "გუნდში ძალიან კარგი, საბრძოლო განწყობაა. ვემზადებით მომდევნო მატჩებისთვის. ვეცდებით, რომ წარმატებით დავასრულოთ ეს ეტაპი და გავიდეთ ჯგუფიდან.

მნიშვნელოვანი იყო კვიპროსთან ორივე მატჩის მოგება, რამაც დადებითად იმოქმედა ჩვენს განწყობაზე. ვეცდებით, წარმატებული სერია გავაგრძელოთ და კიდევ ერთხელ გავახაროთ გულშემატკივრები".

12 ივლისს, საქართველოს ნაკრები თბილისში ბელარუსის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს. მატჩი მიხეილ მესხი 2-ზე, 20:00 საათზე გაიმართება და გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია. 16 ივლისს, ჩვენი გუნდი ლიეტუვას ესტუმრება. შეხვედრა ქალაქ დრუსკინინკაიში, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მაკარე: თათია გაბუნია (კვარტალი), სვეტლანა გაბელაია (ელიტა), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)

დაცვა: მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), სალომე გასვიანი (კვარტალი), ნატა კვირკვაია (ნიკე-ლუსო), გვანცა ქადაგიშვილი (ლანჩხუთი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), მარიამ კაპანაძე (ლანჩხუთი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიაერი, გერმანია)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი), ნინო ბუხრიკიძე (ნიკე-ლუსო), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი), ნათია დანელია (კვარტალი), მაიკო ბებია (ნიკე-ლუსო), სალომი დიმოპულო (კვარტალი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე-ლუსო), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი), თეონა ბაქრაძე (ტრაბზონსპორი, თურქეთი), სოფი ხელაშვილი (ოჰაიო პრემიერი, აშშ), ანა ჩემინავა (ტრაბზონსპორი, თურქეთი)

NAKREBI.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113445