ფეხბურთი

11:42 | 10.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

კოპა ამერიკა: არგენტინის ნაკრები 30-ე ფინალში ტიტულის დაცვას ეცდება (+VIDEO)
სკალონის გუნდის მეტოქე ურუგვაი - კოლუმბიას წყვილში გაირკვევა

ფინალისტი გამოვლინდა კოპა ამერიკაზე. ნახევარფინალურ შეხვედრაში არგენტინის ნაკრებმა კანადა პირველი მატჩის მსგავსად, 2:0 დაამარცხა და გადამწყვეტ შეხვედრაში ზედიზედ მეორედ ითამაშებს.

ანგარიში 22-ე წუთზე ალვარესმა გახსნა და ტაიმიც ასე დასრულდა. ხოლო მეორე ნახევარში სხვაობა „ალბისელესტეში“ დაბრუნებულმა ლიონელ მესიმ გაზარდა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. მას რამდენიმე საინტერესო ფაქტიც მოჰყვა: 37 წლის სუპერვარსკვლავმა ეროვნულ გუნდში 109-ე გოლი მიითვალა. გარდა ამისა, მესის ამ ტურნირზე 38 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მე-14 გოლი მიითვალა, ის არგენტინელთაგან ნორბერტო მენდესის შემდეგ მეორე საუკეთესო ბომბარდირია. ხოლო გოლის გატანა მე-6 კოპა ამერიკაზე შეძლო, რაც ასევე უნიკალური შედეგია.

არგენტინის ნაკრები ფინალში 30-ედ გავიდა, აქიდან კი 15 გამარჯვებით აქვს დასრულებული. სკალონის გუნდის მეტოქე ურუგვაისა და კოლუმბიის წყვილში გაირკვევა. ეს გუნდები ერთმანეთს 11 ივლისს, 04:00 საათზე შეხვდებიან.

აღსანიშნავია ისიც, რომ თუ გადამწყვეტ შეხვედრაში თამაშის უფლებას ურუგვაი მოიპოვებს, ერთმანეთს კოპა ამერიკის 15-15-ჯერ გამარჯვებული გუნდები შეხვდებიან და ერთ-ერთი მათგანი რეკორდსმენიც გახდება.

0.116989