ფეხბურთი

10:27 | 10.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეი დემჩენკო: "ფეხბურთში მეტოქის არ უნდა შეგეშინდეს, ნებისმიერთან თამაში შეიძლება"

„დინამო ბათუმის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ რაზგრადის „ლუდოგორეცთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც უკრაინელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ფეხბურთში ნებისმიერთან თამაში შეიძლება და მეტოქის არ უნდა შეგეშინდეს.

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ლუდოგორეცი იმ გუნდებს შორის, ვინც შეიძლებოდა შეგვხვედროდა, ყველაზე ძლიერი გუნდია, ერთმნიშვნელოვნად. სხვა გუნდებიც იყვნენ, მაგრამ მიმაჩნია, რომ მათ შორის, ყველაზე ძლიერი ლუდოგორეცი იყო. ამის დასტურია ის, რომ ზედიზედ 13-ჯერ მოიგეს ჩემპიონატი, ამას პატივი უნდა ვცეთ. ვიცით, რომ სერიოზული მეტოქე გვყავს, ეს გუნდი სხვადასხვა წელს ჩემპიონთა ლიგის, კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობდა, ამიტომ დიდი გამოცდილება აქვთ. ჩვენი უპირატესობა ისაა, რომ ჩვენი ჩემპიონატი ახლა გრძელდება, მათი ჩემპიონატი კი დასრულებულია. ჩვენ უფრო ტონუსში ვართ, ეს ასპექტი შანსებს გარკვეულწილად ათანაბრებს. პირველ მატჩს სტუმრად ვთამაშობთ, მათ ექნებათ გულშემატკივრის უპირატესობა, მაგრამ ჩემი აზრით, უკეთესია, რომ ჯერ სტუმრად ვითამაშოთ და შემდეგ შინ, რადგან ჩვენი გულშემატკივრების იმედი გვაქვს, რაც მეორე მატჩში შანსებს გაზრდის.

უნდა ვაღიაროთ, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კარგად ვერ ვიმუშავეთ, მოგვივიდა შეცდომები, ახლახან რამდენიმე მოთამაშეს დავემშვიდობეთ, ახალი მოთამაშეების დამატებაზე ვფიქრობ კარგად ვიმუშავეთ, სელექცია კარგად ვაწარმოეთ, რამდენიმე მაღალი დონის ფეხბურთელი დავიმატეთ. როგორც მწვრთნელმა მინდა ვთქვა, რომ გუნდი 70-80%-ით დაკომპლექტებულია. ბოლო პერიოდში ერთი ამხანაგური და ორი ოფიციალური მატჩი ჩავატარეთ, ფეხბურთელებმა, რომლებიც დავიმატეთ, უდავოდ გაგვაძლიერეს, ამის დასტურია, რომ ბოლო სამ მატჩში 9 გოლი გავიტანეთ და ეს ძალიან მახარებს.

მოსამზადებლად არც ისე დიდი დრო გვქონდა, მაგრამ ჩვენი ძირითადი ბირთვი კარგად მოემზადა, წერტილოვნად გავაძლიერეთ ძირითადი შემადგენლობა ხარისხიანი მოთამაშეებით. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის და საქართველოს სუპერთასის დონის შედარებას, ყოველი მატჩი არის მომზადება მომდევნო მატჩისთვის, ევროპის ჩემპიონატმა აჩვენა, რომ ნებისმიერ გუნდს ნებისმიერთან მოგება შეუძლია, ამის დასტურია საქართველოს გამარჯვება პორტუგალიასთან. მეტოქე უნდა დააფასო, მაგრამ მისი არ უნდა შეგეშინდეს”, - აღნიშნა დემჩენკომ.

შეგახსენებთ, რომ „ლუდოგორეცისა“ და „დინამო ბათუმის“ მატჩი დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109563