ფეხბურთი

16:49 | 9.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლუდოგორეცის" მწვრთნელი: "დინამო ბათუმი" კარგი გუნდია, რთული მატჩი გველოდება"

რაზგრადის „ლუდოგორეცის“ მთავარმა მწვრთნელმა გეორგი დერმენჯიევმა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო ბათუმთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მან აღნიშნა, რთულ მატჩს ელოდება და მეტოქე კარგი გუნდია.

„რეცეპტი ძალიან მარტივია - მოგება. რა თქმა უნდა, შევისწავლეთ მეტოქე და მათაც იციან, როგორი გუნდი ვართ. ჩემი აზრით კარგად მოვემზადეთ და მზად ვართ, თუმცა „დინამოს“ ორი ოფიციალური მატჩი ჰქონდა, რაც ჩვენ არ გვქონია. კვადვო დუამ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ცოტა დაისვენა და ამ მატჩს გამოტოვებს, მაგრამ რაზგრადში უახლოეს დღეებში უნდა გამოცხადდეს და ვარჯიში დაიწყოს.

ყოველთვის უაღრესად რთულია პირველი მატჩის დასაწყისი, მაგრამ არჩევანი არ გვაქვს და თავიდანვე უნდა შევუტიოთ. მეტოქეს ბევრი ლეგიონერი ჰყავს, ვნახეთ ბოლო მათი ბოლო მატჩები. ხელმძღვანელობა ყოველთვის გვისახავს მიზნებს, რაც უფრო წინ წავალთ ევროპაში, მით უკეთესი.

მეტოქეს კარგად ვიცნობთ, აშკარაა, რომ მეტოქის ბანაკში საქართველოს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ენერგია, ენთუზიაზმი იქნება. ძალიან კარგი გუნდია, თანამედროვე ფეხბურთს თამაშობენ. ზოგადად ვფიქრობ, რომ საქართველო ძალიან სწრაფად პროგრესირებს, როგორც ერი და რთული მატჩი გველოდება.

ვეძებთ ახალ ფეხბურთელებს და ვფიქრობ, რომ შემადგენლობას გავაძლიერებთ“, - თქვა დერმენჯიევმა.

შეგახსენებთ, „ლუდოგორეცის“ და „დინამო ბათუმის“ მატჩი 10 ივლისს, თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.

0.112525