ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ ევრო 2024-ის ნახევარფინალში საფრანგეთთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ფინალში გასვლა სურთ, მაგრამ ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში ბედნიერი იქნება.
„ფანტასტიკური შესაძლებლობაა. ძალიან კარგად გამოვედით აქამდე. ეს თამაში შეიძლებოდა ფინალიც ყოფილიყო, ორივე გუნდი შესანიშნავია. ყველაფერს წვრილმანი დეტალები გადაწყვეტენ. ვეცდებით, საკუთარი თავის ერთგული ვიყოთ ყველა იმ სიძლიერის, რამაც აქამდე მოგვიყვანა.
საყურებლად ჩვენ კარგი გუნდი ვართ, მაგრამ მთავარი გამარჯვებაა, მითუმეტეს ამ ეტაპზე. გვინდა კარგი ფეხბურთის თამაში, თუმცა ასევე გვინდა პრაქტიკული ფეხბურთის თამაში. საბოლოო ჯამში, როგორც ყოველთვის, მთავარი გამარჯვებაა. შესანიშნავ მეტოქეს ვეთამაშებით, მათ ფანტასტიკური პოტენციალი აქვთ. ყოველთვის მსიამოვნებს ფეხბურთის ყურება, განსაკუთრებით ისეთი გუნდის, როგორც საფრანგეთია.
ფეხბურთელებმა ენერგია კარგად აღიდგინეს, თუმცა რა თქმა უნდა, არის დაძაბულობა და სტრესი. საფრანგეთის ფიზიკურად ძალიან ძლიერია, მაგრამ ვიცით, როგორ ვითამაშოთ მათ წინააღმდეგ. 2021 წელს საფრანგეთთან წაგება? ჩვენ ახალი გუნდი ვართ, განსხვავებული იდეები გვაქვს, არ ვამბობ, რომ უკეთესი ან უარესი, უბრალოდ განსხვავებული. მბაპესნაირი ფეხბურთელები არაპროგნოზირებადი არიან. კილიან მბაპეს 50% სხვა ნებისმიერი მოთამაშის 100%-ს უდრის. მისნაირ ფეხბურთელებს ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ თამაშის გადაწყვეტა. ის გენიოსია, მსოფლიო დონის მოთამაშე.
ძალიან ვერიდებით ბურთის დაკარგვას, ეს შეიძლება ერთ-ერთი გადამწყვეტი იყოს. ველოდები, რომ ძალიან ღია, თანაბარი თამაში იქნება.
იამალი? იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ახალგაზრდაა, ის ყველაფერს სწორად სწავლობს. მან უნდა იცოდეს, როდესაც მეტოქეები უკეთ გაიცნობენ, საქმეს უფრო გაურთულებენ.
ფინალში გასვლა გვინდა, მაგრამ რაც უნდა მოხდეს, ძალიან ბედნიერი ვიქნები. დავინახე ჩემი გუნდის ზრდა. თუ ასე გავაგრძელებთ, რაღაცის მიღწევის შანსი გვექნება“, - თქვა დე ლა ფუენტემ.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის და ესპანეთის ნაკრებთა მატჩი 9 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.