ფეხბურთი

20:38 | 8.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელია, მამარდაშვილი და მიქაუტაძე Goal-ის რჩეულებში ევრო 2024-დან

ცნობილმა გამოცემა Goal-მა იმ ფეხბურთელების შესახებ წერილი გამოაქვეყნა, რომელთა სატრანსფერო ღირებულება ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები თამაშით გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ 14 ფეხბურთელს შორის სამი ქართველია - ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე.

ხვიჩა კვარაცხელია

„საქართველოს ისტორიაში პირველ დიდ ტურნირზე მათი მთავარი თილისმის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში იმედგაცრუება არ ყოფილა. ისტორიულ, მერვედფინალში გამსვლელ მატჩში პორტუგალიასთან გოლი გაიტანა და გუნდს გამაოგნებელი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. მისმა აგენტმა განაცხადა, რომ მის კლიენტს „ნაპოლის“ დატოვება სურს, სხვათა შორის, პსჟ-ს ინტერესის ფონზე, მაგრამ უახლოესი ცნობებით, იტალიაში დარჩება. რაც უნდა მოხდეს, მან თავის ფასს გერმანიაში ნაჩვენები თამაშით ზიანი არ მიაყენა“.

გიორგი მამარდაშვილი

„ევრო 2024-ზე საქართველოს მეორე ვარსკვლავმა გიორგი მამარდაშვილმა დაამტკიცა, რომ მსოფლიო დონის პოტენციალის მეკარეა. მიუხედავად იმისა, რომ სხვებზე მეტი გოლი გაუშვა, ასევე ორჯერ მეტი სეივი გააკეთა. მისით დაინტერესებული არიან „ნიუკასლი“, „ჩელსი“ და „ლივერპული“, მაგრამ ჯერ კიდევ გასარკვევია, რა იქნება მისი ფასი, 35 მილიონიდან 85 მილიონამდე“.

გიორგი მიქაუტაძე

„მესამე ქართველი ვარსკვლავი, რომელიც ამ სიაში მოხვდა. გიორგი მიქაუტაძე დარწმუნებულია, რომ ამ ზაფხულს „მეცს“ დატოვებს, რომელიც ლიგა 2-ში დაქვეითდა. კლუბში, სადაც მან გასულ სეზონში ითამაშა „აიაქსში“ წარუმატებლობის შემდეგ. „გრენატი“ მას დაუყოვნებლივ გაყიდის და მაგარი მოგების მიღებას ელის იმ ფეხბურთელისგან, რომელმაც ევრო 2024-ზე გაიბრწყინა. თავდამსხმელი კვლავ ლიდერობს ევროპის ჩემპიონატზე ოქროს ბუცის რბოლას, მან თვალი მიიპყრო თავისი ოსტატობით და შეტევაში მრავალფეროვანი სტილით. გავრცელებული ინფორმაციით, „ვესტ ჰემმა“ გააკეთა შეთავაზება, მაგრამ მან კონკურენცია „მონაკოსთან“ მოუწევთ“.

აქვე გეტყვით, რომ ქართველი ფეხბურთელების გარდა, სიაში მოხვდნენ იაკა ბიოლი (სლოვენია), რიკარდო კალაფიორი (იტალია), მარკ გეჰი (ინგლისი), ფერდი კადიოღლუ (თურქეთი), მაქსიმილიან მიტელშტადტი (გერმანია), დან ნდოიე (შვეიცარია), დანი ოლმო (ესპანეთი), ფაბიან რუისი (ესპანეთი), ნიკოლას სეივალდი (ავსტრია), ხავი სიმონსი (ნიდერლანდები) და ნიკო უილიამსი (ესპანეთი).

0.131777