რაგბი

21:51 | 7.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

20 წ. | მცირედი ცვლილებებით იტალიასთან

უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მესამე მატჩს 9 ივლისს სტელენბოშში, „დენი ქრავენ სთედიუმზე“ იტალიის წინააღმდეგ გამართავენ.

ეს არის ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაში, რომლის შემდეგაც გაირკვევა რომელი ადგილისთვის გააგრძელებენ ბრძოლას ლადო კილასონიას შეგირდები. იტალიასთან მატჩი საქართველოს დროით 18:30 საათზე დაიწყება.

საქართველომ პირველი შეხვედრა ავსტრალიასთან 11:35 დათმო, მეორე ტურში კი ირლანდიისგან ლელო-გარდასახვა მესამე გაწითლებულ წუთზე მიიღო და გამარჯვება 20-წლამდელთა ექვსი ერის ვიცე-ჩემპიონს დარჩა – 16:22. იტალიას პირველ ტურში ირლანდიამ 55:15 აჯობა, თუმცა „აძურამ“ მეორე თამაშში მობილიზება მოახერხა და ავსტრალიას 17:12 მოუგო.

ამრიგად, ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის წინ ბ ჯგუფს 9 ქულით ირლანდია ლიდერობს, ავსტრალია 6 ქულით მეორე ადგილზეა, იტალიას 4 ქულა აქვს, საქართველოს კი 1 და თუ 9-ში იტალიას სძლია, მესამე საფეხურზე აინაცვლებს.

სხვა ჯგუფებში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, იმისათვის, რომ უმცროსი ბორჯღალოსნები მე-5-მე-8 ადგილის ნახევარფინალში გავიდნენ, მათ იტალია ბონუს-ქულით უნდა დაამარცხონ და სხვა თამაშების შედეგებს დაელოდნონ, სხვა შემთხვევაში კი, მე-9-მე-12 ადგილებისთვის მოუწევთ ბრძოლის გაგრძელება.

უმნიშვნელოვანესი თამაშის წინ, ლადო კილასონიამ ირლანდიასთან ნაბრძოლ სასტარტო 15-ში ორი ცვლილება განახორციელა – ერთი ხაზში და ერთიც შერკინებაში.

ფულბეკის პოზიციაზე მარქაფიდან დაწინაურდა ლუკა თაყაიშვილი, ოთარ მეტრეველმა კი ლუკა ხორბალაძის ნაცვლად ფრთაზე გადაინაცვლა. მეორე ფრთა ამჯერადაც ლუკა კეშელავა იქნება, ცენტრში გიორგი ხაინდრავასა და ლუკა კობაურის წყვილს ვიხილავთ, ხოლო ღერძზე ალექსანდრე ჯიღაური და ლუკა ცირეკიძე იდგებიან.

შერკინების მესამე ხაზში ლუკა სულუაშვილის ნაცვლად თამაშს თორნიკე ღანიაშვილი იწყებს. დანარჩენი პოზიციები უცვლელია: პირველ ხაზში პირველივე წუთებიდან ლუკა უნგიაძეს, მიხეილ ხახუბიას და დავით მჭედლიძეს ვიხილავთ, მეორე ხაზში დავით ლაგვილავა და თემურ წულუკიძე შეწყვილდებიან, მესამე ხაზში ანდრო დვალი და ნიკა ლომიძე ითამაშებენ.

მარქაფაში სამი ახალი მოთამაშეა. ავსტრალიასთან ძირითადში იყვნენ და განაცხადში დაბრუნდნენ კვაჭი თამაზ ჭამიაშვილი და ფრთა ტარიელ ბურთიკაშვილი. განაცხადში პირველადაა მესამეხაზელი შოთა ხელაძე. ირლანდიასთან თამაშის შემდეგ კვლავ შეცვლაზე არიან ბურჯები ლუკა კოტორაშვილი და დავით ქუნთელია, მეორეხაზელი მურთაზ ცხადაძე, 9 ნომერი მიხეილ ყაჩლავაშვილი და ხაზის მოთამაშე ნუგზარ ქევხიშვილი.

2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

მესამე ტური. 9 ივლისი. 18:30 (საქ. დრო)

სამხრეთ აფრიკა. სტელენბოში. „დენი ქრავენ სთედიუმი“

საქართველო – იტალია

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 14. ლუკა კეშელავა (არმია), 13. ლუკა კობაური (ლეუკატე), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. ოთარ მეტრეველი (აია), 10. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 9. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო);

შერკინება: 1. ლუკა უნგიაძე (ნევერი), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. დავით მჭედლიძე (ტულონი), 4. დავით ლაგვილავა (გრენობლი), 5. თემურ წულუკიძე (იუნკერები), 6. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 7. ანდრო დვალი (ლელო), 8. ნიკა ლომიძე (ბეიონი, კაპ.).

მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 17. ლუკა კოტორაშვილი (მონპელიე), 18. დავით ქუნთელია (პროვანსი), 19. მურთაზ ცხადაძე (არესი), 20. შოთა ხელაძე (ლელო); 21. მიხეილ ყაჩლავაშვილი (ლელო), 22. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 23. ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

RUGBY.GE

0.116241