10:26 | 7.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ურუგვაიმ ბრაზილია კოპა ამერიკიდან დაითხოვა

კოპა ამერიკის მეოთხედფინალური ეტაპის მთავარმა მატჩმა ფეხბურთის ხარისხით ბევრს გაუცრუა იმედი. ურუგვაისა და ბრაზილიის ეროვნული გუნდების შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მეტიც, მატჩის განმავლობაში თითქმის არ ყოფილა დასამახსოვრებელი მომენტები.

მხოლოდ ორი მწვავე ეპიზოდი ვიხილეთ პირველ ნახევარში, რომლებიც ერთი წუთის ინტერვალში მოხდა. ჯერ ნუნიესის „მეორე სართულიდან" ახლო მანძილიდან დარტყმულმა ბურთმა ალისონის კარს სანტიმეტრებში ჩაუარა, შემდეგ კი მეკარე როჩეტთან პირიპირ გასულმა რაფინიამ ვერ გაიტანა.

74-ე წუთზე ურუგვაელი ნაითან ნანდესი დასაჯეს პირდაპირი წითელი ბარათით როდრიგოზე უხეში თამაშისთვის.

ჯგუფურ ეტაპზე „პენტაკამპიონებს“ ხშირად აკრიტიკებდნენ თავდასხმაში იდეების ნაკლებობის გამო და მეოთხედფინალური მატჩის ბოლოს ეს ისევ ვნახეთ. რა თქმა უნდა, დისკვალიფიცირებული ვინისიუსის არყოფნამ საგრძნობლად შეამცირა ბრაზილიელთა შემტევი პოტენციალი.

დორივალმა ჭაბუკ ენდრიკს მიანდო სასტარტო შემადგენლობაში ადგილი, მაგრამ ახალგაზრდა ტალანტმა თავი ვერაფრით გამოიჩინა.

საქმე მატჩისშემდგომ პენალტებამდე მივიდა, რომელიც ურუგვაელებმა უკეთ შეასრულეს და 4:2 გაიმარჯვეს.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ურუგვაელთა მეკარე, სერხიო როჩეტი გახდა, რომელმაც მატჩის განმავლობაში სამჯერ მოიგერია ბურთი, პენალტების სერიაში კი ბრაზილიელ მცველ ედერ მილიტაოს დარტყმა აიღო.

ამრიგად, პირველ ნახევარფინალში არგენტინა და კანადა შეხვდებიან ერთმანეთს, მეორეში ურუგვაი და კოლუმბია. მატჩები 10 და 11 ივლისს გაიმართება. ტურნირის ფინალი 14 ივლისს ჩატარდება, ერთი დღით ადრე კი მესამე ადგილისთვის მატჩს ვიხილავთ.

0.114201