ფეხბურთი

1:05 | 7.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

20-წლიანი პაუზის შემდეგ ნიდერლანდები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია

ნიდერლანდების ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია, პირველად 2004 წლის შემდეგ.

დიახ, 20 წლის წინ, ევრო 2004-ზე ნიდერლანდებმა ნახევარფინალში პორტუგალიასთან რომ წააგო, მას შემდეგ კონტინენტის პირველობის საუკეთესო ოთხეულში ვერ ხვდებოდა, თუმცა ახლა ეს გააკეთა. თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ ტურნირის წინ რონალდ კუმანის გუნდი ორი უმნიშვნელოვანესი ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგისა და ტეუნ კუპმაინერსის გარეშე დარჩა.

ნიდერლანდებს მეოთხედფინალში თურქეთის ნაკრებთან უმძიმესი ბრძოლა გადახდა თავს, მაგრამ რაც მათთვის მთავარია, მოიგო.

თურქებმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვეს, ვინჩენცო მონტელას გუნდს არაფერი დაუთმია და ახლოს იყო მიზანთან. მეტიც. აკაიდინის მიერ ტაიმის მიწურულს გატანილი გოლით თურქეთმა დაწინაურება შეძლო, ტაიმიც მოიგო და 70-ე წუთამდე იგებდა. თანაც ისე, რომ ნიდერლანდები განსაკუთრებულად ვერ აწუხებდა.

თუმცა, შემდეგ დაცვაში პოზიციური შეცდომა დაუშვეს, როცა სტეფან დე ვრეი უმეთვალყურეოდ დატოვეს და „ინტერის“ მცველმა თავით აუღებელი დაურტყა მერთ გიუნოკს. 5 წუთში ნიდერლანდები სულაც წინ გავიდა, დენზელ დუმფრისის ჩაწოდების შემდეგ მერთ მიულდურმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ამან მატჩის ბედი გადაწყვიტა.

თუმცა, თურქეთის ნაკრები არ დანებებულა, მეტიც, მატჩის მიწურულს სამჯერ შეეძლო გათანაბრება, რეალური მომენტები ვერ გამოიყენეს. ჯერ მიკი ვან დე ვენმა გამოიტანა ბურთი ცარიელი კარიდან, მერე მცველები გადაეღობნენ კერემ აკტურკოღლუს დარტყმას, ბოლოს ნიდერლანდები მეკარემ გადაარჩინა. მოკლედ, თურქეთმა მაგრად იბრძოლა, იმსახურებს უდავოდ შექებას და იმ გუნდებზე კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა, ვინც ნახევარფინალში არიან, მაგალითად, ინგლისი და საფრანგეთი...

სხვათა შორის, ევრო 2024-ზე უკვე 10 ავტოგოლია გასული და ამდენი ავტოგოლი ერთ ევროპის ჩემპიონატზე არასდროს ყოფილა. შედარებისთვის, 1960-2016 წლებში ჯამში ევროპის ჩემპიონატებზე სულ 9 ავტოგოლი გავიდა...

ამრიგად, ნიდერლანდები 20-წლიანი პაუზის შემდეგ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში და 10 ივლისს, დორტმუნდში, ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ნიდერლანდები - თურქეთი 2:1 (0:1)

ბერლინი, „ოლიმპიაშტადიონი“

ნიდერლანდები (4-3-3): ვერბრიუგენი; დუმფრისი, დე ვრეი, ვან დეიკი, აკე (ვან დე ვენი 73); შუტენი, სიმონსი (სიმონსი 87), რეინდერსი (ვეერმანი; ბერგვაინი (ვეგორსტი 46), დეპაი (ფრიმპონგი 87), გაკპო

მწვრთნელი: რონალდ კუმანი

თურქეთი (5-4-1): გიუნოკი; მულდური (ჩელიკი 82), აიჰანი (კილიჩსოი 89), აკაიდინი (ტოსუნი 82), ბარდაკჩი, კადიოღლუ; ილმაზი, ოზჯანი (იოკუშლუ 77), ჩალჰანოღლუ, ილდიზი (აკტურკოღლუ 77); არდა გიულერი

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

გოლები: 0:1 აკაიდინი (35), 1:1 დე ვრეი (70), 2:1 მიულდური (76, ა.გ)

გაფრთხილება: სიმონსი (30), აკე (54), ვან დეიკი (64)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (4) – 14 (4) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 3:7 თამაშგარე: 4:1

მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი)

0.115334