კალათბურთი

18:27 | 4.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები ოლიმპიადის საგზურისთვის ბრძოლას გამოეთიშა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირს გამოეთიშა.

ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდი ბოლო ტურის წინ უმძიმესი დავალების წინაშე იდგა, რადგან საქართველომ 28 ქულით წააგო ლატვიასთან, ხოლო ფილიპინებმა ლატვიას მოუგო. შედეგად, ისე მოხდა, რომ საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასასვლელად ფილიპინების მინიმუმ 19 ქულით დამარცხება სჭირდებოდა.

ცხადია, ეს ურთულესი ამოცანა იყო და ვერც შესრულდა. არადა, ჯიკიჩის გუნდმა თამაში ძალიან კარგად დაიწყო, საწყის 5 წუთში 15:0 (!) იგებდა. ერთი ხანობა ანგარიში 40:20 იყო ჩვენს სასარგებლოდ, მაგრამ სწორედ ამის შემდეგ ფილიპინებმა ჩამორჩენის შემცირება დაიწყო.

გარდამტეხი მესამე პერიოდი გამოდგა, რომელიც ფილიპინებმა 31:19 მოიგო და ნათელი გახდა, რომ ჯიკიჩის გუნდი მიზანს ვერ მიაღწევდა. საქართველოს ნაკრებმა საბოლოოდ მაინც მოიგო, მაგრამ არა 19 ქულით, არამედ მხოლოდ 2 ქულის სხვაობით, 96:94, რაც ჯგუფიდან გასასვლელად საკმარისი არ გამოდგა.

საუკეთესო იყო სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც 26 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. გოგა ბითაძესაც შედეგიანი თამაში ჰქონდა 19 ქულით, 9 მოხსნით, 2-2 პასი/დაფარებით. თორნიკე შენგელიას ანგარიშზე 17 ქულა, 3 მოხსნა და 7 პასია. 10-ქულიან ზღვარს გადასცდნენ ჯო ტომასონი (14 ქულა, 7 პასი) და დუდა სანაძე (13 ქულა).

საქართველოს ნაკრებმა 1 მოგებით და 1 წაგებით ჯგუფში ბოლო, მესამე ადგილი დაიკავა. მოგება/წაგების იგივე ბალანსი აქვთ ფილიპინებსა და ლატვიასაც, მაგრამ ბურთების ბალანსში დიდი სხვაობაა მეტოქეთა სასარგებლოდ, ნახევარფინალშიც ისინი გავიდნენ.

ფილიპინები - საქართველო 94:96 (17:28, 26:27, 31:19, 20:22)

0.112108