ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი მილანშია და „ნაპოლის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა იგეგმება.
დი მარციოს ცნობით, შეიძლება მხარეებს შორის კონტაქტი უახლოეს საათებში შედგეს. ეს მათი შეხვედრის მეორე რაუნდი იქნება, რადგან რამდენიმე დღის წინ ისინი დიუსელდორფში შეხვდნენ.
კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებები კარგა ხანია მიმდინარეობს. იტალიური მედიის ცნობით, დიუსელდორფში აურელიო დე ლაურენტისმა ხვიჩას სეზონში 5 მილიონი ევრო შესთავაზა, რასაც ბონუსებიც დაემატება.
ჯერჯერობით, კვარას და მის გარემოცვას საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. ცნობილია, რომ ანტონიო კონტეს ქართველი ფეხბურთელის შენარჩუნება სურს და კლუბს ეს მოთხოვნა წაუყენა.