ფეხბურთი

1:11 | 3.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

დემირალის ოცნების თამაში: თურქეთი მეოთხედფინალშია

ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალური სტადია დასრულდა, შესაბამისად, ყველა მეოთხედფინალისტი უკვე ცნობილია.

ბოლო, ვინც მეოთხედფინალში შეაბიჯა თურქეთის ნაკრებია, რომელმაც ძალიან დრამატულ შეხვედრაში ავსტრიის ნაკრები ლაიფციგში დაამარცხა.

ავსტრია ბევრმა ტურნირის ერთ-ერთ აღმოჩენად მიიჩნია, რადგან რალფ რანგნიკის გუნდმა იმ ჯგუფში იპირველა, სადაც საფრანგეთის და ნიდერლანდების ნაკრებები იყვნენ. ჯგუფიდან უპრობლემოდ გავიდა თურქეთიც.

სამი თვის წინ ავსტრიამ თურქეთი ამხანაგურ მატჩში 6:1 გაანადგურა. თუმცა, ერთია ამხანაგური მატჩი და მეორე ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალი - ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა.

თურქეთი პირველივე წუთზე დაწინაურდა: მერიჰ დემირალმა მოახერხა ავსტრიელთა კარის აღება. ეს ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში პლეი-ოფის სტადიაზე ყველაზე სწრაფი გოლია. დემირალმა 56-ე წამზე შეაგდო. თუ ჯგუფურ ეტაპსაც გავითვალისწინებთ, ამაზე სწრაფი გოლი ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ ალბანეთს აქვს გატანილი, სხვათა შორის, მიმდინარე ევროზე იტალიასთან. ზოგადად, ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე სწრაფი 6 გოლიდან 4 მიმდინარე ევროზე გავიდა, მათ შორისაა კვარაცხელიას გოლი პორტუგალიასთან.

ავსტრია უპირატესობას ფლობდა, მაგრამ თურქეთი თავს კარგად იცავდა. მეორე ტაიმის დასაწყისში კი, მერიჰ დემირალმა კიდევ ერთხელ გაიტანა. თურქმა ცენტრალურმა ამჯერად თავით გაიტანა და დუბლი შეასრულა! ავსტრიელებმა მალევე შეამცირეს სხვაობა და ბოლოს შტურმის მოწყობა სცადეს, თუმცა, ბევრი არაფერი გამოუვიდათ.

თუმცა, ბოლო წუთზე თურქეთი მერთ გიუნოკმა ერთი შეხედვით წარმოუდგენელი სეივით გადაარჩინა. იმდენად ეფექტური მოგერიება იყო, რომ ეს შეადარეს გორდონ ბენქსის სეივს, როცა პელეს აჯობა. მართლა, საოცარი ეპიზოდი იყო.

თურქეთმა საბოლოოდ 2:1 მოიგო და ევრო 2024-ის მეოთხედფინალში ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება.

ავსტრია - თურქეთი 1:2 (0:1)

ლაიფციგი, „რედ ბულ არენა“

ავსტრია (4-2-3-1): პენტცი; პოში, დანსო, ლაინჰარტი (ვიობერი 64), მვენე (პრასი 46); სეივალდი, ზაბიტცერი; ლაიმერი (გრილიტში 64), ბაუმგარტნერი, შმიდი (გრეგორიტში 46); არნაუტოვიჩი

მწვრთნელი: რალფ რანგნიკი

თურქეთი (4-2-3-1): გიუნოკი; მიულდური, ბარდაკჩი, დემირალი, კადიოღლუ; იუკშეკი (ოზჯანი 58), აიჰანი; ილმაზი, კოკჩუ (კაჰვეჩი 83), ილიდიზი (აკთურკოღლუ 78); გიულერი (იოკოშლუ 78)

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

გოლები: 0:1 დემირალი (1), 0:2 დემირალი (59), 1:2 გრეგორიტში (66)

გაფრთხილება: შმიდი (38), ლაინჰარტი (52) - კოკჩუ (11), იუკშეკი (42)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 19 (5) – 6 (3) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 10:4 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: არტურ სოარეშ დიაში (პორტუგალია)

0.12006