ფეხბურთი

2:56 | 1.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ქოჩორაშვილი: "წინსვლა უნდა გავაგრძელოთ, რადგან ბავშვები გვიყურებენ"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანეთთან მატჩის (1:4) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, უნდა გააგრძელონ წინსვლა და გაძლიერება, რადგან მათ მომავალი თაობა უყურებს.

„ვეცადეთ, რომ მეორე ტაიმშიც გვებრძოლა, მაგრამ ძალიან დიდი ფეხბურთელები ჰყავთ, ძალიან მაღალი დონის გუნდია. ჩვენ წინსვლა და გაძლიერება უნდა გავაგრძელოთ, სხვა არაფერი გვაქვს დარჩენილი, რადგან ჩვენი მომავალი თაობა გვიყურებს. როდესაც ნაკრებში მოვდივარ, ყოველთვის დიდი სიხარული მაქვს, იმიტომ, რომ ჩემი ოჯახია, შემიძლია ვიხუმრო, შემიძლია ვითამაშო, ყველაფერი გავაკეთო. შემდეგ შეკრებას ძალიან დიდი მოლოდინით ველოდებით, რათა უფრო გაძლიერებული დავბრუნდეთ, როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად, რომ უფრო მეტი წარმატება მოვუტანოთ საქართველოს“, - თქვა ქოჩორაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებით ჩაატარა და ისტორია დაწერა.

ვილი სანიოლის გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე თურქეთთან წააგო (1:3), შემდეგ ჩეხეთს დაუზავდა (1:1), მერე იყო პორტუგალიასთან ისტორიული გამარჯვება (2:0), ხოლო მერვედფინალში ესპანეთის წინააღმდეგ მარცხი განიცადა (1:4).

გიორგი მიქაუტაძემ 3 გოლი გაიტანა, ხვიჩა კვარაცხელიამ 1, ერთი გოლიც ესპანელმა რობინ ლე ნორმანმა ჩვენს სასარგებლოდ მიითვალა. ევრო 2024 სამუდამოდ დარჩება ქართული ფეხბურთის ისტორიაში და ამას ესპანეთის ნაკრებთან წაგება ნამდვილად ვერაფერს დააკლებს.

0.11964