ფეხბურთი

0:53 | 1.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო დამარცხდა, მაგრამ ისტორია დაწერილია

საქართველოს ნაკრების ზღაპარი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე დასრულდა, მაგრამ საფეხბურთო საზოგადოების გულებში ეს გუნდი დიდხანს დარჩება, ჩვენს გულებში - სამუდამოდ.

საქართველოს ნაკრებმა კიოლნში, ევრო 2024-ის მეოთხედფინალში ესპანეთის ნაკრებთან მორიგი სასწაული ვეღარ მოახდინა, არადა, იგებდა კიდეც, მაგრამ კლასი აღმართს ხნავს...

თამაში გასაკვირი არაა, რომ ესპანეთის ნაკრების დიდი უპირატესობით დაიწყო. საქართველოს ნაკრები საწყის წუთებში ფაქტობრივად ბურთის გარეშე იყო და თამაში მთლიანად ჩვენს საჯარიმოსთან მიმდინარეობდა. გიორგი მამარდაშვილმა რამდენჯერმე გვიხსნა და მისი დამსახურება იყო, რომ „ფურია როხამ“ სწრაფი გოლი ვერ გაიტანა.

სამაგიეროდ, საქართველოს ნაკრების პირველივე გააზრებული იერიში გოლით დასრულდა. გიორგი მიქაუტაძემ მოედნის ცენტრში შესანიშნავად იმოქმედა, ბურთი მარჯვენა ფლანგზე გახსნილ ოთარ კაკაბაძეს გადააწოდა, რომელმაც ძალიან კარგად ჩააწოდა. ხვიჩა კვარაცხელია მზად იყო ახლო მანძილიდან დაერტყა, თუმცა რობინ ლე ნორმანმა არ დაანება, სამაგიეროდ, „სოსიედადის“ მცველმა დალაშქრა თავისი კარი და კიოლნის სტადიონზე მორიგი სასწაულის იმედი ჩაგვესახა - 0:1. სხვათა შორის, ესპანელთა პირველი გაშვებული გოლი იყო ამ ტურნირზე...

საქართველოს ნაკრები გოლის შემდეგ უკეთ ათამაშდა, ჰქონდა კიდეც მწვავე კონტრშეტევები, ერთ მომენტში მიქაუტაძე პენალტსაც ითხოვდა, არცთუ უსაფუძვლოდ, მაგრამ ფრანსუ ლეტესიემ ეპიზოდი უყურადღებოდ დატოვა.

ესპანეთს გასათანაბრებლად ჰქონდა შანსები, მამარდაშვილი ისევ კედელივით იდგა, მას მცველებიც მაგრად ეხმარებოდნენ. 39-ე წუთი კი, შეიძლება ითქვას, რომ საკვანძო იყო, რადგან ოთარ კიტეიშვილმა, ჩვენი გუნდის ღერძმა ტრავმა მიიღო და სწორედ იმ მომენტში, როცა კოჭლობდა და ვერ მოახერხა იმ ზონის დაკეტვა, საიდანაც როდრიმ გაათანაბრა - მამარდა უშანსოდ იყო. თუმცა, ეს ეპიზოდი ძალიან საკამათო იყო, დარტყმის მომენტში ალვარო მორატა აშკარად პასიურ თამაშგარეში იყო, ასეთი გაუქმებული გოლები ბევრი გვინახავს, მომენტი გადამოწმდა კიდეც, მაგრამ თამაშგარე არ დაფიქსირდა...

მეორე ტაიმიც ესპანელთა უპირატესობით დაიწყო. ლამინ იამალის სახიფათო ჯარიმა მამარდაშვილმა უკუაგდო, თუმცა შეტევა ესპანელებმა გააგრძელეს, ფაბიან რუისი სრულიად უმეთვალყურეოდ დატოვეს და მანაც თავით პირინელები წინ გაიყვანა. მომენტი ჩვენც გვქონდა, როცა კვარაცხელიამ ცენტრიდან სცადა გოლის გატანა და ბურთი მეტოქის კარს ძალიან მცირედით ასცდა.

შემდეგ უკვე ესპანეთმა დიდი უპირატესობა მოიპოვა: ჯერ ნიკო უილიამსმა შეაგდო, მერე დანი ოლმომ დალაშქრა მამარდაშვილის კარი. გიორგიმაც რამდენიმე რთული დარტყმა უკუაგდო და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ უმაღლესი დონის მეკარეა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებით ჩაატარა და ისტორია დაწერა.

ვილი სანიოლის გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე თურქეთთან წააგო (1:3), შემდეგ ჩეხეთს დაუზავდა (1:1), მერე იყო პორტუგალიასთან ისტორიული გამარჯვება (2:0).

გიორგი მიქაუტაძემ 3 გოლი გაიტანა, ხვიჩა კვარაცხელიამ 1, ერთი გოლიც ესპანელმა რობინ ლე ნორმანმა ჩვენს სასარგებლოდ მიითვალა. ევრო 2024 სამუდამოდ დარჩება ქართული ფეხბურთის ისტორიაში და ამას ესპანეთის ნაკრებთან ეს წაგება ნამდვილად ვერაფერს დააკლებს.

რაც შეეხება ესპანეთს, მეოთხედფინალში 5 ივლისს, გერმანიის ნაკრებს შეხვდება, მატჩი შტუტგარტში გაიმართება.

ესპანეთი - საქართველო 4:1 (1:1)

კიოლნი, „რაინენერგიშტადიონი“

ესპანეთი (4-3-3): უნაი სიმონი, კარვახალი (ნავასი 81), ლე ნორმანი, ლაპორტი, კუკურელია (გრიმალდო 66); ფაბიან რუისი (მერინო 81), როდრი, პედრი (დანი ოლმო 52); იამალი, მორატა (ოიარსაბალი 66), უილიამსი

მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე

საქართველო (3-4-2-1): მამარდაშვილი; გველესიანი (კვეკვესკირი 79), კაშია, დვალი; კაკაბაძე, კიტეიშვილი (ალთუნაშვილი 41), ქოჩორაშვილი, ლოჩოშვილი (წიტაიშვილი 63); ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 63), კვარაცხელია; მიქაუტაძე (ზივზივაძე 79)

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

გოლები: 0:1 ლე ნორმანი (18, ა.გ), 1:1 როდრი (39), 2:1 ფაბიან რუისი (51), 3:1 უილიამსი (75), 4:1 დანი ოლმო (83)

გაფრთხილება: მორატა (44) - დავითაშვილი (71)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 34 (13) – 4 (0) ბურთის ფლობა: 74%-26% კუთხურები: 13:3 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: ფრანსუა ლეტესიე (საფრანგეთი)

0.162714