ავტოსპორტი

18:40 | 30.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრიის გრან პრი ჯორჯ რასელის გამარჯვებით დასრულდა

ავსტრიაში, „რედ ბულ რინგის“ ტრეკზე ფორმულა 1-ის რიგით 1112-ე, მიმდინარე სეზონში კი მე-11 ეტაპი გაიმართა, რომელიც დრამატულად, „მერსედესის“ ბრიტანელი პილოტის, ჯორჯ რასელის გამარჯვებით დასრულდა.

გუშინ გავლილი შესანიშნავი საკვალიფიკაციო წრის შემდეგ, მაქს ფერსტაპენმა რბოლა პოულ პოზიციიდან დაიწყო და უკვე ტრადიციულად, მას კვალში „მაკლარენის“ ლანდო ნორისი ედგა.

რბოლის სასტარტო წრეები ყველასთვის შედარებით მშვიდი გამოდგა „ფერარის“ გარდა. შარლ ლეკლერს ოსკარ პიასტრისთან კონტაქტის გამო წინა ფრთა დაუზიანდა და ნაადრევი პიტ-სტოპის გამო, მთელი რბოლა გაუფუჭდა.

ამის შემდეგ, ათეული შედარებით დასტაბილურდა და ძირითადად, უკანა პოზიციებისთვის იყო ბრძოლები. დღევანდელი რბოლა საკმაოდ დახუნძლული გამოდგა ჯარიმებითაც. ფერნანდო ალონსომ 10, ლუის ჰემილტონმა და სერხიო პერესმა კი სხვადასხვა დარღვევებისთვის 5-5-წამიანი ჯარიმები მიიღეს. ტრადიციულად, რბოლას „ალპინების“ ფრანგი პილოტები ახალისებდნენ ერთმანეთთან ბრძოლით, თუმცა ისე ჩანდა, რომ დღევანდელი ეტაპი მშვიდად დასრულდებოდა, სანამ 52-ე წრეზე ორი ლიდერი, მაქს ფერსტაპენი და ლანდო ნორისი არ შევიდნენ პიტ-სტოპზე.

ნიდერლანდელ პილოტს გუნდი კარგად ვერ მოემსახურა და ძალიან ძვირფასი დრო დააკარგინა, როდესაც ლანდოს პიტ-სტოპს პრობლემები არ ჰქონია და 7-წამიანი უპირატესობა მხოლოდ და მხოლოდ 2-წამამდე ჩამოვიდა.

ლანდო და მაქსი თითქმის ყოველ წრეზე ებრძოდნენ პოზიებისთვის ერთმანეთს. ერთ მომენტში ლანდო ნორისმა ძალიან უხეშად დაიცვა თავი, თუმცა იმ მომენტისთვის ჯარიმა არცერთ მათგანს ჰქონდა მიღებული, 64-ე წრეზე კი უკვე დაძაბულობამ პიკს მიაღწია.

ტრეკის მესამე მოსახვევში ლანდო ნორისმა გარედან სცადა ფერსტაპენისთვის შეტევა, თუმცა მაქსმა აგრესიულად დაიცვა თავი და საქმე კონტაქტამდე მივიდა, რომლის დროსაც ორივე მათგანს საბურავები დაუზიანდა და მოულოდნელად, რბოლას სათავეში „მერსედესის“ ჯორჯ რასელი ჩაუდგა.



1 წრეში ამ მომენტით შეგულიანებულმა ოსკარ პიასტრიმ კარლოს საინსს შეუტია და მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა, რაც შეეხებათ მაქსს და ლანდოს, ნიდერლანდელი პილოტი 10-წამიანი ჯარიმით დაისაჯა, თუმცა ტრასაზე დაბრუნება მოახერხა და რბოლა მე-5 ადგილზე დაასრულა, ლანდო კი 5-წამიანი ჯარიმით დასაჯეს და ძლიერი დაზიანების გამო რბოლას გამოეთიშა.

საბოლოოდ, ჯორჯ რასელმა რბოლა გამარჯვებამდე მარტივად მიიყვანა და პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე კარიერაში მეორედ ავიდა. მეორე პოზიციაზე დარჩა „მაკლარენის“ ავსტრალიელი ოსკარ პიასტრი, მესამე ადგილზე კი „ფერარის“ ესპანელი მრბოლელი, კარლოს საინსი გავიდა.

ფორმულა 1-ის მომდევნო ეტაპი ზუსტად ერთ კვირაში, 7 ივლისს, დიდ ბრიტანეთში, „სილვერსტოუნის“ ტრეკზე გაიმართება.

ავსტრიის გრან პრი:

1.
ჯორჯ რასელი (დიდი ბრიტანეთი) – „მერსედესი“
2. ოსკარ პიასტრი (ავსტრალია) – „მაკლარენი“
3. კარლოს საინსი (ესპანეთი) – „ფერარი“
4. ლუის ჰემილტონი (დიდი ბრიტანეთი) – „მერსედესი“
5. მაქს ფერსტაპენი (ნიდერლანდები) - „რედ ბული“
6. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია) – „ჰაასი“
7. სერხიო პერესი (მექსიკა) – „რედ ბული“
8. კევინ მაგნუსენი (დანია) – „ჰაასი“
9. დენიელ რიკიარდო (ავსტრალია) – „რეისინგ ბულსი“
10. პიერ გასლი (საფრანგეთი) – „ალპინი“
11. შარლ ლეკლერი (მონაკო) – „ფერარი“
12. ესტებან ოკონი (საფრანგეთი) – „ალპინი“
13. ლენს სტროლი (კანადა) – „ასტონ მარტინი“
14. იუკი ცუნოდა (იაპონია) – „რეისინგ ბულსი“
15. ალექს ალბონი (ტაილანდი) – „უილიამსი“
16. ვალტერი ბოტასი (ფინეთი) – „კიკ ზაუბერი“
17. გუანიუ ჟოუ (ჩინეთი) – „კიკ ზაუბერი“
18. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი) – „ასტონ მარტინი“
19. ლოგან სერჯენტი (აშშ) – „უილიამსი“
ვერ დაასრულა: ლანდო ნორისი (დიდი ბრიტანეთი) - „მაკლარენი“

თეგებიფორმულა 1
0.118033