ფეხბურთი

18:49 | 30.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

Goal Italia: საქართველომ დაამტკიცა, რომ ევრო 2024-ზე შემთხვევით არ არის
კვარა და კომპანია ყველაფერს გააკეთებენ, რომ შეუძლებელი კიდევ ერთხელ გახადონ შესაძლებელი

Goal Italia-მ საქართველოს ნაკრებზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. ჟურნალისტმა ლეონარდო გუალანომ ადგილობრივ მკითხველს გააცნო საქართველოს ნაკრები და უამბო იმ წარმატებაზე, რომელსაც ვილი სანიოლის გუნდმა უკვე მიაღწია.

„საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის მერვედფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება: მატჩი ერთადერთი ფავორიტით, მაგრამ კვარამ და კომპანიამ დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ სიურპრიზების შემოთავაზება. როდესაც ბოლო თვეებში პროგნოზი კეთდებოდა, ბევრს ნამდვილად ჰქონდა ცდუნება, რომ საქართველო ბოლო რიგებში შეეყვანა, მათ შორის ჯგუფშიც.

ეს გარკვეულწილად აზრიანი პროგნოზი იყო, კლასიკური, უსაფრთხო პროგნოზი, რადგან მათ ისტორიაში პირველად მოიპოვეს ევროპის ჩემპიონატის საგზური და უფრო შორს წასვლაც მოახერხეს, ეს არის ამ ქვეყნის მთელი საფეხბურთო მოძრაობის ყველაზე მაღალი წერტილი.

ვილი სანიოლის ბიჭები უბრალოდ „პაემანზე“ არ გამოცხადდნენ, ისინი რეალურად თამაშობენ თავიანთი შესაძლებლობის ზღვარზე, რაც მათ ოცნებას კიდევ უფრო ადიდებს. ოცნება, რომელიც ტურნირის მერვედფინალში გასვლით ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

საქართველომ ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლა არა მარტო პირველივე მცდელობით მოახერხა, არამედ ქაღალდზე საკმაოდ რთული ჯგუფიდან გასვლაც შეძლო. F ჯგუფში ასევე იყვნენ პორტუგალია, თურქეთი და ჩეხეთი. მათ დებიუტი თურქეთთან 1:3 მარცხით ჰქონდათ, რომელსაც ნებისმიერი გუნდის დემორალიზება შეეძლო, თუმცა, შემდეგ იპოვეს ძალა, რომ საკუთარი ბედის წინააღმდეგ აჯანყებულიყვნენ, რომელიც თითქოს, უკვე დაწერილი ჩანდა.

ჯერ ფრე ითამაშეს ჩეხეთის წინააღმდეგ და ბოლო წამზე წარმოუდგენელი მომენტი ვერ გამოიყენეს გამარჯვებისთვის, ბოლოს კი, ასევე წარმოუდგენელი გამარჯვება მოიპოვეს კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიასთან (საკმაოდ გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშესთან). შედეგად მოიპოვეს ის ქულები, რომლითაც საუკეთესო მესამეადგილოსნებში მოხვდნენ.

ის, ვინც ტურნირის „კონკია“ უნდა ყოფილიყო, არა მარტო გამოავლინა ჯადოსნური საღამოების გახანგრძლივების დიდი სურვილი, არამედ დაამტკიცა, რომ ევრო 2024-ზე შემთხვევით არ არის.

კვარაცხელიას ევროპის ჩემპიონატი დაიწყო ხმებით, რომ მას „ნაპოლის“ დატოვება სურს, მაგრამ ისეთი კარგი თამაშით გაგრძელდა, რომ სატრანსფერო ხმები მეორე პლანზე გადაწია. ქართველი ვარსკვლავი, მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სცენაზე თავის საბოლოო კურთხევას განიცდის. ჩვენ, კარგად ვიცოდით, რომ ის ძლიერი იყო, მაგრამ ვინც სერია A-ს თვალს ნაკლებად ადევნებს, მათაც გაიგეს მისი ძალის შესახებ. კვარა ერთ-ერთია, ვინც „ნაპოლის“ მესამე სკუდეტო მოაგებინა და როგორც ჩანს, ისტორიულ მოვლენებთან ის თავს კარგად გრძნობს. ის საქართველოს ნაკრების ვარსკვლავია, რომლის მხრებზეა მთელი ქვეყნის ოცნებების სიმძიმე და არა მხოლოდ დაამტკიცა, რომ ამ სიმძიმის ტარების უნარი, არამედ ნაკრებს უბიძგა მოულოდნელი მიზნებისკენ. პორტუგალიასთან მატჩში აბსოლუტური გმირი იყო და ეს გააკეთა მაშინ, როდესაც მოედანზე რონალდუც იყო, მისი დიდი კერპი.

ევრო 2024-ის ბომბარდირთა რეიტინგს რომ ჩახედოთ, მუსიალასთან ერთად ყველას გიორგი მიქაუტაძე უსწრებს. თავდამსხმელი, რომელსაც გოლები ყოველთვის გაჰქონდა, მაგრამ გერმანიაში მისი კარიერის დიდ შანსს იყენებს. 2023 წლის აგვისტოში „აიაქსს“ შეუერთდა, მას შემდეგ, რაც ლიგა 2-ში ბევრი გოლი გაიტანა, თუმცა სულ რაღაც 6 თვის შემდეგ „მეცში“ დაბრუნდა, ამჯერად ლიგა 1-ში იჯარით, რათა ყველასთვის ეჩვენებინა, რომ გოლის გატანა არ დავიწყებია. მიქაუტაძემ ევრო 2024-ზე უკვე 3 გოლი გაიტანა და შეტევაში კვარაცხელიას შესანიშნავი პარტნიორია. თავი წარმოაჩინა, როგორც სრულყოფილმა ფეხბურთელმა, ერთ-ერთია, ვისაც შეუძლია აფეთქება. ტურნირის ერთ-ერთი აღმოჩენა მზად არის საბოლოო ნახტომისთვის.

თუ თავდამსხმელები, როგორც ყოველთვის ხდება, გულშემატკივრების კუმირები არიან, რომლებიც გარეკანზე ხვდებიან, ხშირად მეკარეებიც ასეთივე მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, მაგრამ ყურადღების მიღმა რჩებიან. ეს არის „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც ევრო 2024-ზე არსებითად ყველას ერთი რამ აჩვენა: დიახ, ის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა.

ვისაც ჯერ კიდევ ეჭვი ეპარებოდა მასში, აზრი უნდა შეეცვალათ და გაითვალისწინონ, რომ სულ რაღაც 23 წლის მეკარე მზადაა ნებისმიერი დიდი გუნდის სახელის დასაცავად. ჯგუფურ ეტაპზე მან შესანიშნავი თამაში აჩვენა და პორტუგალიასთან ისტორიულ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. უდავოდ, ტურნირზე საუკეთესოა დონარუმასთან ერთად და ქართულ სასწაულში მისი წვლილი დიდია.

თუ საქართველომ ევრო 2024-ის მერვედფინალში გასვლა მოახერხა, ეს რა თქმა უნდა, თავისი ვარსკვლავების დამსახურებაა, მაგრამ არა მხოლოდ. სანიოლის ხელმძღვანელობით გუნდმა აჩვენა, რომ მოედანზე ძალიან მკაფიო იდეები აქვს, რომელმაც ყოველთვის ზუსტად იცის, რა არის საჭირო შედეგის მისაღწევად.

გუნდი თამაშობს 3-5-2 სქემით, დაცვა ხშირად ხუთკაციანი ხდება, რომელიც ორიენტირებულია თავის დაცვაზე, შემდეგ კი, შეტევაში სწრაფად გადასვლაზე. ასევე გამოირჩევა ლუკა ლოჩოშვილი სერია B-ში თამაშობს, მაგრამ ასევე არიან ქოჩორაშვილი ესპანეთის ლა ლიგა 2-დან, ჩაკვეტაძე „უოტფორდიდან“, გველესიანი ირანის ჩემპიონატიდან, დვალი კვიპროსიდან და კაშია სლოვაკეთის ჩემპიონატიდან. ფეხბურთელები, რომლებიც მაღალ დონეზე არ თამაშობენ, მაგრამ ოცნებით გაერთიანებულებმა იპოვეს ძალა კონტინენტის ყველაზე სახელგანთქმულ ჩემპიონებთან კონკურენციისთვის.

როგორც ნორმალურია, ევროპის ჩემპიონატის მსგავს ტურნირში წინსვლა უფრო დიდ სირთულეებს იწვევს. სანიოლის გუნდს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მეტოქე ერგო - ესპანეთი. „ლა როხა“ B ჯგუფში დომინირებდა, ყველა მატჩი გოლგაუშვებლად მოიგო. ცხადია, ის ფავორიტი იქნება, მაგრამ ევრო 2024-მა უკვე აჩვენა, რომ სიურპრიზები შეიძლება მოხდეს. საქართველო ალბათ დაცვით და კონტრშეტევაზე ითამაშებს, შემდეგ კი, კიოლნის მწვანე მოედანი იტყვის საკმარისი იქნება თუ არა ეს. ცხადია, რომ კვარაცხელიას და მისი თანაგუნდელების დაუფასებლობა არ შეიძლება და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ შეუძლებელი შესაძლებელი კიდევ ერთხელ გახდეს“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.124061