ფეხბურთი

23:15 | 29.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლე ნორმანი: "საქართველოსთან ცივი გონებით თამაში დაგვჭირდება"

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩის წინ კიოლნის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების შეკითხვებს ესპანელთა მცველმა რობინ ლე ნორმანმა უპასუხა.

„ეს მატჩი უნდა მოვიგოთ, ამისთვის საჭირო მიწაზე მყარად ვიდგეთ და ცივი გონებით ვითამაშოთ, მთელი კონცენტრაცია მოედანზე უნდა გვქონდეს. საქართველოსთან 7:1 მოგებული მატჩი ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან 7 გოლის გატანა ადვილი არ არის, იდეალურად ვითამაშეთ. თუმცა ხვალ განსხვავებული შეხვედრა იქნება, ევროპის ჩემპიონატია და მათ დრო ჰქონდათ გასაუმჯობესებლად. გვჯერა ჩვენი ძალების, ვაჩვენეთ, რომ კარგ ფორმაში ვართ, მაგრამ ცივი გონებით უნდა ვითამაშოთ.

მამარდაშვილის სიტყვები, რომ კვარაცხელია მთელ ესპანეთზე მაგარია? ჩვენ ყურადღება საკუთარ თავზე უნდა გავამახვილოთ, გვქონდეს ბურთი, რომ მეტოქეს მეტი პრობლემა შევუქმნათ.

მიქაუტაძე ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია, რაც ჯგუფურ ეტაპზე დაამტკიცა. ზოგადად, საქართველოს კარგი შემტევები ჰყავს და მათ წინააღმდეგ ყურადღებით უნდა ვიყოთ. თუ გავესაუბრები მას ფრანგულად? მოედანზე მეტოქეებს არ ველაპარაკები“, - თქვა ლე ნორმანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის მატჩი 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.1213