ევრო 2024-ის პირველ მერვედფინალურ მატჩში შვეიცარიის ნაკრებმა იტალია 2:0 დაამარცხა და ¼ ფინალის საგზური მოიპოვა.
შეხვედრა არც თუ ისე დაბალ ტემპში დაიწყო და საწყის წუთებზე მომენტები არ შექმნილა, თუმცა შვეიცარიის ნაკრები შედარებით უკეთ გამოიყურებოდა. პირველი რეალური მომენტი 24-ე წუთზე ვიხილეთ. ებიშერის პასის შემდეგ, ბრილ ემბოლო დარჩა ერთი-ერთზე მეკარესთან, თუმცა დონარუმამ შესანიშნავი მოგერიება შეასრულა.
ტაიმის მიწურულს იტალიის ნაკრებს უფრო გაუჭირდა და 37-ე წუთზე გუნდს ვეღარც დონარუმამ უშველა. ვარგასის გაკეთებული პასი რემო ფროილერმა საჯარიმოში უმარტივესად მიიღო და ანგარიშიც გახსნა, შესაბამისად, შვეიცარიის ნაკრებმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.
ლუჩანო სპალეტიმ შეტევითი პოტენციალის გასაძლიერებლად მეორე ტაიმი ცვლილებით დაიწყო. მოედანზე ხორვატიასთან გამართული მატჩის გმირი, მატია ძაკანი გამოჩნდა, თუმცა სანამ ძაკანი საქმეში ჩაერთვეობდა, შვეიცარიამ მეორე გოლიც გაიტანა. მარცხენა ფლანგზე შვეიცარიელებმა კარგად გაათამაშეს ბურთი და რუბენ ვარგასმა შესანიშნავი დარტყმით თავისი გუნდის უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.
იტალიის ნაკრებმა თავისი თამაში ვერც მეორე გაშვებული გოლის შემდეგ იპოვა. გუნდს პირველი რეალური მომენტი 74-ე წუთზე შეექმნა, როდესაც ახლო მანძილიდან ჯანლუკა სკამაკამ ბურთი ძელს გაარტყა. ამის შემდეგ, იტალიის ნაკრებმა ვერანაირი სახიფათო მომენტი ვერ შექმნა და შეიძლება ითქვას, მეტოქესთან უშანსოდ - 0:2 დამარცხდა.
შვეიცარიის ნაკრებმა დღევანდელი გამარჯვებით ¼ ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც ინგლისი-სლოვაკეთის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. დღევანდელი სათამაშო დღე კი კიდევ ერთი მერვედფინალით დასრულდება, რომელშიც 23:00 საათზე მასპინძელი გერმანია დანიას დაუპირისპირდება.
შვეიცარია 2:0 იტალია
ფროილერი (37), ვარგასი (46)
ოლიმპიაშტადიონი - ბერლინი
მსაჯი: შიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი)
შვეიცარია (3-4-3): ზომერი - შერი, აკანჯი, როდრიგესი - რიდერი (სტერგიუ - 72), ჯაკა, ფროილერი, ებიშერი (შტეფენი - 90+2) - ვარგასი (ცუბერი - 71), ნდოიე (სიერო - 77), ემბოლო (დუა - 77).
მთავარი მწვრთნელი: მურათ იაკინი (შვეიცარია).
იტალია (4-3-3): დონარუმა - დი ლორენცო, მანჩინი, ბასტონი, დარმიანი (კამბიასო - 75) - კრისტანტე (პელეგრინი - 75), ფაჯოლი (ფრატეზი - 86), ბარელა (რეტეგი - 64) - კიეზა, ელ შაარავი (ძაკანი - 46), სკამაკა.
მთავარი მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი (იტალია).
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჩემი აზრით ფეხბურთელების საკმაოდ კარგი შერჩევა ქონდა იტალიას,უბრალოდ ფორვარდი არ ყავდა,გინდ სკამაკა ყოფილიყო და გინდა მე,თუნდაც რეტეგი იყოს,ცხონებვული პაოლო როსის აჩრდილს რომ ეტრიალა მინდორზე ის უფრო მეტ სარგებლობას მოიტანდა!
კიდევ თუ ვერ გავიდა ინგლისი ფინალში და გააუქმონ საერთოდ ეგ ნაკრები. მეტი რაღა უნდა, ყველა გრანდი აცდა გზად, ერთი იტალია იყო მაგათ მხარეს და ეგეც გამოამსევრეს. თუ რამის ერთი ადგილი აქვთ და პრეტენზია, უნდა გავიდნენ ფინალში. მართალია, იქ ვინც არ უნდა შეხვდეს, ყველა გაულაღლაღებს, მაგრამ მაინც.
მე მგონი გრამატიკული შეცდომა გაქვს,ყველა-ს - ს აკლია მაქ აშკარად და მართალია არ უნდა კიდე)))
რაც მე ფეხბურთს ვუყურებ, მგონი იტალიის ნაკრების ყველაზე ცუდი ვერსია ეს იყო.
ჯგუფშიც რომ ჩარჩენილიყვნენ არ გამიკვირდებოდა, მაგრამ ჯერ ერთი დონარუმა მართლაც ხოშიანი მეკარეა და მეორე, სპალეტიც ნორმალური მწვრთნელია, რაღაც-რაღაცეების ხარჯზე გააქაჩინა გუნდს.
თუმცა ყ**სგან სალამურს ვერც ეგ გამოთლიდა )))