რაგბი

20:31 | 29.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ავსტრალიასთან დამარცხდა

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი ავსტრალიის წინააღმდეგ გამართა და მეტოქესთან 11:35 დამარცხდა.

ქეიფ თაუნში, „ეთლონ სპორტ სთედიუმზე“ გამართული მატჩის პირველი ლელო მე-11 წუთზე გავიდა და ის „უოლაბებმა“ გაიტანეს, თუმცა საქმეში ვიდეორეფერის ჩართვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ავსტრალიელებმა უმცროსი ბორჯღლოსნების ფულბექი, ოთარ მეტრეველი ჰაერში შებოჭეს, რის გამოც ლელო გაუქმდა.

ცოტა ხანში, ქართველმა მორაგბეებმა ჯარიმის უპირატესობა მოიპოვეს და ბურთი აუტში გადაიტანეს, რომელიც მოიგეს და მოლით ლუკა სულუაშვილმა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებისთვის სადებიუტო ლელოს დადება მოახერხა.

26-ე წუთზე არასწორი ბოჭვისთვის ავსტრალიელთა 5-მა ნომერმა ყვითელი ბარათი მიიღო და ბუნკერის წესი ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც ყვითელი, წითელ ბარათად გადაკეთდა და ახალი წესების მიხედვით, მეტოქე 20 წუთით დარჩა კაცნაკლული. პირველი ნახევრის ბოლომდე ჩვენებმა ერთი, მეტოქემ კი ორი ჯარიმა გაიტანა და ტაიმი 8:6 მოვიგეთ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ტაიმის მიწურულს ვიდეო რეფერიმ მეტოქეს, ამჯერად უკვე ბლოკირებისთვის, კიდევ ერთი ლელო გაუუქმა.

საქართველოს ნაკრებისთვის მეორე ტაიმიც კარგად დაიწყო, როდესაც ლუკა ცირეკიძემ ჯარიმა გაიტანა, თუმცა მალევე უკვე 15-მოთამაშით მყოფმა ავსტრალიელებმაც შეძლეს თავისი პირველი ლელოს დადება და 13:11 დაწინაურდნენ.

ამის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა და ამან ჩვენი გუნდი კიდევ უფრო არია, რის გამოც 4 ლელო გაუშვა და საბოლოოდ, მეტოქესთან 11:35 დამარცხდა.

დღესვე, ჩვენი ჯგუფის მატჩში ირლანდიის ნაკრებმა იტალია 55:15 დაამარცხა. მომდევნო მატჩს უმცროსი ბორჯღალოსნები 4 ივლისს, ირლანდიის წინააღმდეგ გამართავენ.

0.116933