ფეხბურთი

22:33 | 29.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

დე ლა ფუენტე: "საქართველომ დაამტკიცა, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია"

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩის წინ კიოლნის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების შეკითხვებს ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ უპასუხა.

„მოედანს მიღმა რაც ხდება, ამას ვერ გავაკონტროლებთ, მაგრამ გასახდელში ნამდვილად არ ვფიქრობთ, რომ ადვილი თამაში იქნება. საქართველოს საკვალიფიკაციო ეტაპზე შევხვდით და ძალიან დიდ პატივს ვცემთ, ხვალ ძალიან კარგი თამაშის ჩატარება იქნება საჭირო გამარჯვებისთვის.

ყველა ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს და თამაშისთვის მზადაა. უმეტესად შემადგენლობაში ცვლილებები მეტოქიდან გამომდინარე ხდება, იმას, თუ როგორი გეგმა გვაქვს. ვარჯიშის შემდეგ ჩემს ფეხბურთელებს მადლობას ვეუბნები, განვიხილავთ, რაში შეიძლება მომატება, მაგრამ ახლა მაქსიმალური კონცენტრაცია და ინტენსივობაა საჭირო.

ლამინ იამალს ყოველდღე ბევრს ვესაუბრები, რადგან 16 წლისაა და მიუხედავად იმისა, რომ უკვე მოწიფული ფეხბურთელია, ვცდილობ ხშირად ვესაუბრო, რათა მენტალურად მზად იყოს.

ხვალ სრულიად განსხვავებული მატჩი იქნება, ვიდრე საქართველოსთან საკვალიფიკაციო ეტაპზე იყო. თუ არ ვცდები, სანიოლმა თქვა, რომ ჩვენთან 1:7 წაგებით გაიზარდნენ და მოხვდნენ ევროპის ჩემპიონატზე, ასე რომ განსხვავებული თამაში იქნება, სადაც ნებისმიერ შეცდომას დიდი ფასი ექნება. საქართველომ პორტუგალია დაამარცხა, რაც ადასტურებს, რომ ეს გუნდი მზადაა.

ფეხბურთში ბევრი სიურპრიზი გვინახავ, მხოლოდ ფავორიტის სტატუსი არაფერს ნიშნავს. როგორც ვთქვი, საქართველომ პორტუგალიას აჯობა და დაამტკიცა, რომ ნებისმიერ მეტოქესთან გამარჯვების პოტენციალი აქვს. მაქსიმალურად კარგად უნდა ვითამაშოთ მოსაგებად, რისი დიდი იმედიც გვაქვს. თუმცა, ფეხბურთში არასოდეს იცი რა მოხდება.

მეტოქის ერთ-ერთი მთავარი თვისება და ძალა კონტრშეტევებშია, ამას დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ისინი კონტრშეტევებზე ძალიან სწრაფად გადადიან, კარგი ფეხბურთელებიც ჰყავთ და ყოველი მცირე დეტალი გასათვალისწინებელია, რადგან ბევრი პლუსი გააჩნიათ.

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებებთან სხვადასხვა დროს მითამაშია, 2015 წლიდან და ვიცი, რომ დიდი პროგრესი განიცადეს. ბევრი ფეხბურთელი ევროპულ ლიგაშია, რაც ნიშნავს, რომ ქართული ფეხბურთი გაიზარდა. ვილი სანიოლმაც დიდი სამუშაო შეასრულა, ძალიან გამოცდილი ადამიანია, მას კარგად ვიცნობ და მიხარია, რომ წარმატებით მუშაობს.

რასაც კარგად ვაკეთებთ, კიდევ უფრო კარგად უნდა გავაკეთოთ. ჩვენი სტილი ფეხბურთელების ბუნებრივი მდგომარეობაა, მათ მოსწონთ ამ სტილით თამაში. საქართველოს ძლიერი მხარეები აქვს და ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი გეგმა შევცვალოთ და მეტოქეს მოვერგოთ. თუმცა, რთული თამაში გველოდება და ყურადღებით უნდა ვიყოთ.

მამარდაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, არ მომისმენია მისი განცხადება, მაგრამ ბუნებრივია, რომ მისი თანაგუნდელი სხვებზე უკეთესად მიაჩნია. მეც ასე ვფიქრობ, რომ ჩემი ფეხბურთელები საუკეთესოები არიან, თუმცა მეტოქეებსაც პატივს ვცემ“, - თქვა დე ლა ფუენტემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის მატჩი 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.124317