ფეხბურთი

18:21 | 29.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

MARCA: წიტაიშვილს „ვარსკვლავი“ აქვს

ცნობილმა ესპანურმა გამოცემა MARCA-მ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი წიტაიშვილის შესახებ სტატია გამოაქვეყნა:

„გიორგი წიტაიშვილი ერთ-ერთია იმ 82 მოთამაშიდან, რომელიც იმ ქვეყანას არ წარმოადგენს, რომელშიც დაიბადა, თუმცა მის წარმომავლობას ეჭვქვეშ ვერავინ დააყენებს, რადგან მისი მამა, კლიმენტი საქართველოს ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშედ ითვლება. ამის შემდეგ, ის ისრაელში გადავიდა და გიორგიც სწორედ იქ დაიბადა.

ფრთხილად იყავით, ისტორია აქ არ მთავრდება. გიორგიმ მამის კონტაქტები გამოიყენა და 11 წლის ასაკში ის სინჯებზე „ბარსელონაში“ იმყოფებოდა. სამწუხაროდ, ბიუროკრატიული პრობლემების გამო იქ ვერ ჩაირიცხა. საბოლოოდ, თემურ ქეცბაიას დახმარებით, „დინამო კიევის“ ახალგაზრდულ გუნდში მოხვდა და უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებშიც დაიწყო თამაში.

ის არა მხოლოდ უბრალოდ თამაშობდა, არამედ ანდრეი ლუნინთან ერთად 2019 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო. 5 თამაში ჩაატარა და ფინალში, სამხრეთ კორეის წინააღმდეგ გოლიც გაიტანა, რომელმაც უკრაინას მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოაპოვებინა.

მოულოდნელობა ის იყო, რომ 2021 წელს წიტაიშვილმა საქართველოს პასპორტი დაიბრუნა და ქვეყანა შეიცვალა, თუმცა წარმატება მას თან გაჰყვა. საქართველოსთან ერთად პლეი-ოფში ითამაშა, გუნდს ევროზე გასვლაში დაეხმარა და ახლა 1/8 ფინალში ესპანეთსაც დაუპირისპირდება. წიტაიშვილს „ვარსკვლავი“ აქვს“ (როგორც მსოფლიო ჩემპიონს - რედ.) - წერია სტატიაში.

გიორგი წიტაიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. თურქეთთან და ჩეხეთთან გამართულ მატჩებში ის ძირითად შემადგენლობაში იყო, პორტუგალიასთან კი შეხვედრაში ცვლილებიდან ჩაერთო.

0.122184