News

21:59 | 28.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

„დინამო თბილისი“ საქართველოს სუპერთასის ფინალში ითამაშებს

დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის 2024 წლის გათამაშების პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც „დინამო თბილისმა“ „იბერია 1999“ 2:0 დაამარცხა.

შეხვედრა „იბერია 1999“-ის უპირატესობით დაიწყო, თუმცა სწრაფი გოლი არ გასულა. მატჩის 39-ე წუთზე, ლაზარე კუპატაძის გუნდიდან წასვლის შემდგომ კარებში ჩამდგარმა 19 წლის რევაზ კურტანიძემ საჯარიმოში ნიკოლოზ ცეცხლაძე წააქცია, რის გამოც მთავარმა მსაჯმა „იბერიას“ კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა. პენალტი ზუსტად თორნიკე ოქრიაშვილმა შეასრულა და ანგარიშიც გახსნა - 0:1.

მეორე ტაიმიც დინამოელთა უპირატესობით დაიწყო და გვატემალელმა ოსკარ სანტისმა მალევე ბურთი ძელს გაარტყა. თავისი შანსები „იბერიასაც“ ჰქონდა, თუმცა გოლის გატანა მათ ვერ მოახერხეს. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი დინამოელებმა მეორე პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც ნოდარ ლომინაძემ ზუსტად შეასრულა, უპირატესობა ორბურთიანი გახადა და „დინამო თბილისს“ ფინალის საგზური გაუნაღდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს „დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელის, ფერდინანდ ფელდჰოფერის პირველი მატჩი და პირველი გამარჯვება იყო ახალ თანამდებობაზე.

სუპერთასის მეორე ნახევარფინალური მატჩი ამ წუთებში ბათუმში მიმდინარეობს, სადაც „დინამო ბათუმი“ ქუთაისის „ტორპედოს“ ხვდება. „დინამო თბილისი“ მეტოქეს ფინალში დაუპირისპირდება, „იბერიას“ კი მეორე წყვილში დამარცხებულ გუნდთან მესამე ადგილისთვის მოუწევს თამაში.

0.112082