ცნობილმა კომენტატორმა და ჟურნალისტმა სანკტ-პეტერბურგის „ზენიტისა“ და „დინამოს“ ყოფილმა თავდამსხმელმა გენადი ორლოვმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშზე ისაუბრა.
„საქართველომ უკვე პირველ მატჩშივე გაგვაოცა. გვეგონა, ტურნირზე საერთოდ ვერ გაიტანდნენ - იმიტომ, რომ ევროდებიუტანტები იყვნენ. ამ გუნდის მოთამაშეთაგან ცოტას თუ ვიცნობდით. მაგრამ ახლა უნდა ვისწავლო გვარი მამარდაშვილი. საქართველოს ნაკრების მეკარე არა მხოლოდ პორტუგალიასთან თამაშის, არამედ მთელი ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი გმირია.
სანიოლი კი, როგორც ვნახეთ, შესანიშნავი მწვრთნელია. საფრანგეთთან ერთად მას მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე მიუღწევია, „ბაიერნში“ კი მრავალი წელი თამაშობდა - გამოცდილი ადამიანია.
სანიოლმა გუნდს საოცარი ფსიქოლოგიური მდგრადობა ჩაუნერგა. უფრო გამოცდილმა გუნდებმა ეს ვერ აჩვენეს, მაგრამ ტურნირის ახალწვეულმა აჩვენა. საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტად მათი სულისკვეთება მომეწონა - ეს არის ის, რაც ყალიბდება გასახდელში, ვარჯიშის დროს. ქართველები საბრძოლველად ნამდვილად მზად იყვნენ. მაგრამ იტალია, ინგლისი, ბელგია - არა. ისინი ქართველებივით არ არიან მოტივირებულნი.
დიახ, პორტუგალიელებს სახიფათო შეტევების რაოდენობაში ჰქონდათ უპირატესობა, მაგრამ ფეხბურთის მშვენიერება ისაა, რომ კლასში განსხვავება ანაზღაურდება მონდომებითა და თავდადებით.
რა თქმა უნდა, გარკვეული იღბალიც იყო. მაგრამ მათი უნარიც გამოვლინდა. მეორე წუთზე ხვიჩამ ძალიან რთული გოლი გაიტანა, მაგრამ მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ უკვე ოსტატია. მატჩში პირველი გოლი ყოველთვის ბევრს ნიშნავს და ეს აქაც მოხდა. შემდეგ კი არა მხოლოდ გადარჩნენ, არამედ მეორეც გაიტანეს“, - ციტირებს ორლოვის სიტყვებს championat.com.