2 ივლისს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი აიღებს სტარტს, სადაც საქართველოს ნაკრები მასპინძლის გარდა, ფილიპინებს დაუპირისპირდება, რომელსაც შემადგენლობაში საკადრო პრობლემები აქვს.
აზიურ გუნდს სხვადასხვა ტრავმის გამო 3 მნიშვნელოვანი მოთამაშე ვერ დაეხმარება. სკოტი ტომპსონს ზურგის დაზიანება აწუხებს, ჯეიმი მალონცოს აპრილში მიღებული წვივის ტრავმა კვლავ არ მოურჩენია, ცენტრი ეი ჯეი ედუ კი გაწყვეტილ მენისკს მკურნალობს.
სხვადასხვა პრობლემების გამო, ფილიპინების ეროვნულ ნაკრებს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე არასრული განაცხადით, 11 მოთამაშით მოუწევს თამაში, თუმცა როგორც გუნდის მთავარი მწვრთნელი, ტიმ კონე აცხადებს, მისთვის ეს პრობლემას სულაც არ წარმოადგენს, რადგან ის 8 ან 9 მოთამაშის როტაციის მომხრეა და სრული განაცხადის წარდგენას საჭიროდ არ თვლის.
საქართველოს ნაკრები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე ფილიპინებს 4 ივლისს დაუპირისპირდება, იქამდე კი, 2 ივლისს, მასპინძელ ლატვიას შეხვდება.
ჩვენი გუნდი უკვე ლატვიაში იმყოფება, კერძოდ, ქალაქ იურმალაში, სადაც ერთი ამხანაგური კამერუნის ნაკრებთან უკვე ჩაატარა და მეტოქესთან 66:67 დამარცხდა. მომდევნო ამხანაგურ მატჩს ქართველი კალათბურთელები უკვე ხვალ, ეგვიპტის წინააღმდეგ ჩაატარებენ, შემდეგ კი რიგაში გაემგზავრებიან და იქ გააგრძელებენ მზადებას.