ისტორიის ახალი ფურცელი დაიწერა! საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო შეხვედრა პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარა, მეტოქე 2:0 დაამარცხა და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა!
მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის საოცნებოდ დაიწყო. მე-2 წუთზე ანტონიო სილვამ ბურთი პირდაპირ გიორგი მიქაუტაძეს ჩააბარა, რომელიც სწრაფად გადავიდა შეტევაში, ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი პასი გაუკეთა და ამ უკანასკნელმაც ტურნირზე თავისი პირველი გოლი გაიტანა - 1:0.
პორტუგალია გაშვებული გოლის შემდეგ გააქტიურდა. ჯერ კრიშტიანუ რონალდუმ დაარტყა შორეული საჯარიმო ზუსტად და პირველად ჩაერთო თამაშში მამარდაშვილი. შემდეგ კონსეისაუს და ფელიქსს ჰქონდათ შანსები, თუმცა კარს ორივემ ააცილა.
33-ე წუთზე საქართველო კიდევ ერთხელ გადავიდა მეტოქის ნახევარზე და ხვიჩა კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ დაარტყა კარის მიმართულებით, თუმცა ამჯერად, მისმა დარტყმულმა მიზანს არ მიაღწია.
პორტუგალიას ერთი ნახევარმომენტი ტაიმის მიწურულს ჰქონდა, თუმცა ფელიქსის დარტყმული მამარდაშვილმა ხელებში მარტივად დაიჭირა და საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი მოიგო.
მეორე ტაიმი პორტუგალიის ნაკრებმა ცვლილებით დაიწყო. ჟოაო პალინიას ნაცვლად მოედანზე რუბენ ნევეში შემოვიდა. რობერტო მარტინესის გუნდმა შეტევები გააძლიერა და ერთი სახიფათო კონტრშეტევაც გამოეპარა, როდესაც კაკაბაძის პასის შემდეგ ჯერ მიქაუტაძემ ვერ მოარტყა ბურთს ფეხი, შემდეგ კი კვარაცხელიამ ვერ დაარტყა ხეირიანად.
მატჩის 55-ე წუთზე ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ გაუჩერდა გული. ლუკა ლოჩოშვილი მეტოქის საჯარიმოში წააქციეს, თუმცა მსაჯმა პენალტი არ დადო. პორტუგალიამ შეტევა გააგრძელა და მამარდაშვილის მოგერიების შემდეგ, ვიდეო რეფერიმ შეხვედრის მთავარი მსაჯი, სანდრო შერერი ლოჩოშვილის მომენტის გადასამოწმებლად გაუშვა. ამ უკანასკნელმა გამეორების შემდეგ პორტუგალიელთა კარში პენალტისკენ მიუთითა, რომელიც მიქაუტაძემ ზუსტად შეასრულა და ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნულად გალიდერდა - 2:0.
დარჩენილ დროში პორტუგალიის ნაკრებს რეალური მომენტი საერთოდ არ ჰქონია. პირიქით, საქართველოს ნაკრების კონტრშეტევების დროს ჯერ გიორგი ჩაკვეტაძეს, შემდეგ კი ცვლილებაზე გამოსულ ზურიკო დავითაშვილს ჰქონდა შანსი, თუმცა გოლი ვერცერთმა გაიტანა.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში პორტუგალიის ნაკრებს სამი მომენტი ჰქონდა, თუმცა მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა და შეხვედრა 2:0 დასრულდა.
ის მოხდა რისიც გვჯეროდა. საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც არანაკლები გამოცდა ელოდება - ჩვენი მეტოქე 30 ივნისს ესპანეთის ნაკრები იქნება.
პარალელურ შეხვედრაში თურქეთის ნაკრებმა ჩეხეთი 2:1 დაამარცხა და ჯგუფიდან მეორე ადგილით თურქეთი გავიდა, რომელიც 1/8 ფინალში ავსტრიას შეხვდება.
საქართველო 2:0 პორტუგალია
კვარაცხელია (2), მიქაუტაძე პენ. (57)
არენა აუფშალკე - გელზენკირხენი
მსაჯი: სანდრო შერერი (შვეიცარია)
საქართველო (5-3-2): მამარდაშვილი - კაკაბაძე, გველესიანი (კვერკველია - 76), კაშია, დვალი, ლოჩოშვილი (წიტაიშვილი - 63) - ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე (მექვაბიშვილი - 81) - კვარაცხელია (დავითაშვილი - 81), მიქაუტაძე.
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი (საფრანგეთი).
პორტუგალია (3-5-2): დიოგუ კოშტა - დანილო, ანტონიო სილვა (სემედუ - 66), ინასიუ - ნეტუ (ჟოტა - 75), პალინია (რუბენ ნევეში - 46), კონსეისაუ, ჟოაო ნევეში (მატეუშ ნუნიეში - 75), დალო - ფელიქსი, რონალდუ (რამუში - 66).
მთავარი მწვრთნელი: რობერტო მარტინესი (ესპანეთი).