კალათბურთი

16:20 | 26.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე „ქუთაისის“ მეტოქე ცნობილია

დღეს შვეიცარიის ქალაქ მიესში საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და ცნობილი გახდა, რომ სუპერლიგის გამარჯვებული „ქუთაისი 2010“ პირველ ეტაპზე სლოვაკურ „პატრიოტი ლევიცეს“ დაუპირისპირდება.

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის 28 გუნდის ვინაობა ცნობილია, დანარჩენს 4 ადგილს კი 4 საკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებული გუნდი შეავსებს. წილისყრის შედეგად, საქართველოს ჩემპიონი მე-2 საკვალიფიკაციო ტურნირში მოხვდა, სადაც პირველ ეტაპზე სლოვაკური „პატრიოტი ლევიცეს“ დაუპირისპირდება, მათი ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი უკვე ესტონური „კალევ კრამოს“ წინააღმდეგ მოუწევს. ესტონური მეტოქის დამარცხების შემთხვევაში კი იმერული გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ითამაშებს, სადაც წარმატების შემთხვევაში უკვე ძირითად ბადეში მოხვდება. იმ შემთხვევაში, თუ „ქუთაისი 2010“ ტურნირს პირველივე ეტაპიდან გამოეთიშება, ასპარეზობას ევროპის თასზე გააგრძელებს.



საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ იასპარეზებს გიორგი შერმადინის „ლა ლაგუნა ტენერიფე“, რომელიც უკვე ჯგუფურ ეტაპზეა გამწესებული და C ჯგუფში თურქული „ფინარ ქარშიაქას“, ფრანგული „სენ-კვენტინ ბასკეტ-ბოლის“ და ბერძნული „კოლოსოსის“ წინააღმდეგ მოუწევს თამაში.

„ქუთაისის“ საკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებული D ჯგუფში თურქულ „გალათასარაისთან“, ბერძნულ „პრომითეას პატრასთან“ და გერმანულ „რასტა ვეხტასთან“ ერთად ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ „ქუთაისმა“ სუპერლიგის ფინალში „კავკასია“ 3:1 დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მესამედ მოიპოვა.

0.171493