ფეხბურთი

1:57 | 27.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო მარტინესი: "საქართველოს ნაკრები დაფასებას იმსახურებს, მოგება დაიმსახურა"

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველოსთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“თამაში ძალიან დაბალი ინტენსივობით დავიწყეთ, გოლიც სწრაფად გავუშვით და ეს მეტოქეს დაეხმარა. გვქონდა მომენტები, მაგრამ მამარდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა. ვერ შევძელით გოლის გატანა, რამაც საქართველოს მეტი თავდაჯერება შესძინა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

წაგების მიზეზი რამდენიმეა. ამ მატჩისთვის მოვემზადეთ, ვიმუშავეთ დაცვაზე, გვინდოდა მათთვის კონტრშეტევებში ხელი შეგვეშალა, თუმცა, როგორც ვთქვი, საკმარისი ინტენსივობა არ გვქონდა. სწრაფმა გოლმაც დაგვაბნია. 7-8 ფეხბურთელი იმიტომ შევცვალე, რომ მინდოდა ყველა ფეხბურთელი მზად ყოფილიყო მერვედფინალისთვის. ვიტყოდი, რომ ზოგჯერ არ გაგვიმართლა. ვიდეორეფერიც არათანმიმდივრეული იყო, რადგან რონალდუზე შეიძლებოდა პენალტის დანიშვნა. თუმცა, საქართველოს ნაკრებმა აჩვენა თავისი ძალა, ჩვენ კი ინტენსივობა გვაკლდა. სწრაფი გოლის შემდეგ საქართველომ აქცენტი დაცვაზე გააკეთა და შედეგსაც მიაღწია.

სლოვენია მერვედიფნალში? მათაც დაწერეს ისტორია საქართველოს მსგავსად. მათ წინააღმდეგ ვითამაშეთ ამხანაგური მატჩი, მაგრამ ახლა სულ სხვა დონის შეხვედრა იქნება. დღეს დამტკიცდა, რომ მარტივი თამაში არ არსებობს და სლოვენიასთანაც რთული მატჩი გვექნება.

საქართველომ თავისი ისტორიული მატჩი ითამაშა, შანსი ჰქონდა მომდევნო ეტაპზე გასულიყო. ჩვენთვის, რადგან მოპოვებული გვქონდა მერვედფინალის საგზური, რთული იყო იგივე ინტენსივობით თამაში. თუმცა, მეტოქის დაუფასებლობას ადგილი არ ჰქონია, რადგან საქართველოს მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს. მეკარე სამი წელია უმაღლეს დონეზე თამაშობს, კვარაცხელიაც ერთ-ერთი საუკეთესო დრიბლიორია. მოულოდნელობა არ ყოფილა მათგან ასეთი კარგი თამაში, ერთადერთი სიურპრიზი სწრაფი გოლი იყო. სანიოლმა წარმოუდგენლად ბევრი სამუშაო შეასრულა და ეს გუნდი დაფასებას იმსახურებს“, - თქვა მარტინესმა.

WORLDSPORT.GE გელზენკირხენიდან

ჩვენი მხარდამჭერია სპორტისა და კულტურის სამინისტრო და ჟურნალისტთა ასოციაცია

0.134624