საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა გიორგი გოჩოლეიშვილმა და ლევან შენგელიამ ფელბერტში, პორტუგალიასთან მატჩამდე ბოლო ვარჯიშის წინ ისაუბრეს.
როგორც მათ აღნიშნეს, მეტოქის სირთულის მიუხედავად, მოედანზე მოსაგებად გავლენ და ეცდებიან, რომ გუნდმა ისტორია კიდევ ერთხელ დაწეროს.
„პორტუგალია ძლიერია, ერთ-ერთი საუკეთესოა. ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ და თუ ვიბრძოლებთ, აუცილებლად გამოგვივა ყველაფერი. ჩვენი უპირატესობაა სისწრაფეები და კონტრშეტევაზე თამაში. ყველანაირად ვემზადებით ამ მატჩისთვის, ვცდილობთ ძალების აღდგენას. გვინდა ეს თამაში მოვიგოთ. რა თქმა უნდა, როგორც მე, ისე ყველა ფეხბურთელს სურს თამაში, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა და მწვრთნელის გადაწყვეტილებაა. ევროპის ჩემპიონატი ძალიან დიდი გამოცდილებაა ყველასთვის, მნიშვნელობა არ აქვს თამაშობ თუ არა“, - თქვა გოჩოლეიშვილმა.
„მწვრთნელთან არ მისაუბრია ჩემი თამაშის შესახებ, მაგრამ პირველივე დღიდან ვემზადებოდი თამაშისთვის და თუ მომეცემა ამის საშუალება, მზად ვარ თამაშისთვის. რა თქმა უნდა, განვიხილეთ პორტუგალია, ყველამ ვიცით, როგორი ძლიერი ნაკრებია, მაგრამ ის მუხტი, რაც საქართველოში და გუნდშია, გარდა ამისა, ხარისხი, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მოგებაზე ვითამაშოთ, დაველოდებით ჩვენს შანსებს, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ, იმედიანად ვართ, პლუსების გამოყენებას ვეცდებით. ვიცით, რომ ურთულესი თამაში იქნება და შეცდომები არ უნდა დავუშვათ“, - აღნიშნა შენგელიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს და მოგების შემთხვევაში ჯგუფიდან გავა, ხოლო ფრის შემთხვევაში დამოკიდებული იქნება სხვა ჯგუფებში დაფიქსირებულ შედეგებზე.
საქართველო-პორტუგალიის მატჩი 26 ივნისს, გელზენკირხენში, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.