საქართველოს ქალ კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 27-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი ოფიციალური შეხვედრა კვიპროსის წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქესთან 57:89 დამარცხდა.
ჩვენი გუნდი პატარა ქვეყნებს შორის ევროპის ჩემპიონატზე იღებს მონაწილეობას, რომელიც კოსოვოში იმართება და მასში 8 გუნდი თამაშობს.
დღევანდელ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებიდან გამორჩეული თამარ პაპუაშვილი იყო, რომელმაც 19 ქულა (3/6 სამქულიანი) და 5 მოხსნა დააგროვა. 15 ქულა და 2 მოხსნა ჰქონდა ანა ქავთარაძეს, კესო ბარბაქაძემ კი მატჩი 8 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა.
ქართველი კალათბურთელები მომდევნო მატჩს ხვალ, 17:30 საათზე მალტას წინააღმდეგ ჩაატარებენ. ტურნირში ასევე ნორვეგიის, სომხეთის, ალბანეთის, ანდორას და მასპინძელი კოსოვოს ნაკრებები თამაშობენ.