ევროპის ჩემპიონატზე დღეს B ჯგუფის მატჩები გაიმართა და გარდა იმისა, რომ ცნობილი გახდა ამ ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე ესპანეთთან ერთად გამსვლელი გუნდის ვინაობა, ცნობილი გახდა ისიც, რომ მეორე ადგილზე გასული იტალია 1/8 ფინალში შვეიცარიას დაუპირისპირდება.
დღის მთავარ მატჩად ხორვატიისა და იტალიის დაპირისპირება ითვლებოდა, სადაც იტალიის ნაკრებს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ფრეც ჰყოფნიდა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევრის სტარტზე „სკუადრა აძურას“ შემადგენლობაში დავიდე ფრატეზი გამოვიდა, რომელმაც ძალიან მალე ხორვატიის ნაკრებს „პენალტი მოუპოვა“. თერთმეტმეტრიანი ლუკა მოდრიჩმა შეასრულა, თუმცა მას ჯანლუიჯი დონარუმამ აჯობა. იტალიის ნაკრების სიხარული რამდენიმე წამს გაგრძელდა, რადგან მალევე, ბუდიმირის თავური კვლავ დონარუმამ კი მოიგერია, თუმცა დამატებაზე პირველი რამდენიმე წამის წინ ანტიგმირად შერაცხული მოდრიჩი აღმოჩნდა, რომელმაც ანგარიში გახსნა.
დარჩენილ დროში იტალიას თითქოს არაფერი გამოსდიოდა, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ მე-8 წუთზე „სკუადრა აძურას“ ცვლილებაზე გამოსულმა მატია ძაკანიმ უშველა, გამათანაბრებელი გოლი გაიტანა და იტალიას 1/8 ფინალის საგზური მოუპოვა. უკვე ცნობილი გახდა ისიც, რომ 1/8 ფინალურ ეტაპზე მათი მეტოქე შვეიცარია იქნება. ეს მატჩი 29 ივნისს, ბერლინში გაიმართება.
რაც შეეხება ხორვატიის ნაკრებს, ზლატკო დალიჩის გუნდმა 2 ქულით და -3 ბურთების შეფარდებით მე-3 პოზიცია დაიკავა, თუმცა ამ მაჩვენებლით ძალიან გაუჭირდება ოთხ საუკეთესო მესამეადგილოსანში მოხვედრა და სავარაუდოა, რომ ზლატკო დალიჩის გუნდი ევრო 2024-ს დაემშვიდობება.
მეორე შეხვედრა, სადაც ესპანეთის ნაკრებს პირველი ადგილი გარანტირებული ჰქონდა, „ფურია როხას“ აქტიურობით დაიწყო და მე-13 წუთზე ფერან ტორესმა ანგარიშიც გახსნა.
მატჩის დარჩენილ დროში ალბანეთის ნაკრები არ ტოვებდა ცუდ შთაბეჭდილებას, მომენტებიც ჰქონდა, თუმცა ანგარიშის გათანაბრება ვეღარ შეძლო და 1 ქულით ჯგუფი ბოლო ადგილზე. რაც შეეხება ესპანეთს, ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა ჯგუფური ეტაპი გოლგაუშვებლად, 9 ქულით დაასრულა და 1/8 ფინალში თავის მეტოქეს დაელოდება.
ხვალ ევრო 2024-ზე C და D ჯგუფის მატჩები გაიმართება. საფრანგეთი - პოლონეთისა და ნიდერლანდები - ავსტრიის მატჩები 20:00 საათზე გაიმართება, დანია - სერბეთისა და ინგლისი - სლოვენიის შეხვედრები კი 23:00 საათზე.
ალბანეთი 0:1 ესპანეთი (ტორესი 13)
ხორვატია 1:1 იტალია (მოდრიჩი 55 - ძაკანი 90+8)
B ჯგუფი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1. ესპანეთი | 3 | 3 | 0 | 0 | 5/0 | 9 |
2. იტალია | 3 | 1 | 1 | 1 | 3/3 | 4 |
3. ხორვატია | 3 | 0 | 2 | 1 | 3/6 | 2 |
4. ალბანეთი | 3 | 0 | 1 | 2 | 3/5 | 1 |