ფეხბურთი

18:26 | 24.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხოსელუ ესპანეთს ტოვებს და კარიერას კატარში გააგრძელებს

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „ესპანიოლის“ შემტევი, ხოსელუ, რომელიც გასულ სეზონში „რეალ მადრიდში“ თამაშობდა, კარიერას კატარის კლუბ „ალ გარაფაში“ გააგრძელებს.

„სამეფო კლუბმა“ ხოსელუ „ესპანიოლიდან“ გასული წლის ზაფხულში ინათხოვრა და 34 წლის შემტევი კლუბს ძალიან დაეხმარა. ხოსელუმ „რეალ მადრიდში“ ჩატარებულ 51 მატჩში, საიდანაც უმრავლესობაში მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, 19 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. შემტევმა მადრიდულ კლუბთან ერთად გასულ სეზონში ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

გავრცელებული ინფორმაციით, „რეალ მადრიდი“ 1.5 მილიონის ღირებულების გამოსასყიდ თანხას არ გადაიხდის, რადგან თავად ფეხბურთელს სურს კარიერაში ახალი თავის დაწერა.

როგორც ირკვევა, ხოსელუს ახალი გუნდი კატარული „ალ გარაფა“ იქნება, რომელმაც კატარის ჩემპიონატის გასული სეზონი მე-3 ადგილზე დაასრულა. შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, „რეალ მადრიდს“ კიდევ ერთი ფეხბურთელი, ნაჩო დატოვებს, რომელიც საუდის არაბეთში ითამაშებს.

ამჟამად, ხოსელუ ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე იმყოფება, თუმცა ჯერ-ჯერობით, მონაწილეობა არცერთ მატჩში მიუღია.

0.117027