კალათბურთი

22:53 | 23.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია საუკეთესო იყო | საქართველო იტალიასთან კვლავ დამარცხდა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადების პროცესში პირველ ამხანაგურ მატჩში იტალიას დაუპირისპირდა და ანგარიშით 68:79 დამარცხდა.

შეხვედრის სტარტზევე ცნობილი გახდა, რომ ნაკრებს „სან ანტონიო სპურსის“ ფორვარდი, სანდრო მამუკელაშვილი ვერ დაეხმარებოდა, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებს, თუმცა საგანგაშო არაფერია.

მატჩი ქართველთა აქტიურობით დაიწყო და პირველ წუთებზე მეტოქეს 8:0 გაქცევა შევთავაზეთ, რის გამოც, ჯანმარკო პოცეკოს წუთშესვენების აღება მოუხდა. საბოლოოდ, პირველი პერიოდი იტალიელებს 23:17 მოვუგეთ, თანაც ისე, რომ მეტოქე წინ არცერთხელ გასულა.

იტალია პირველად წინ მეორე პერიოდის დასრულებამდე 5 წუთით ადრე გავიდა და მთლიანად მეორე პერიოდზე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრებს თამაში არ გამოუვიდა. ქართველმა კალათბურთელებმა 10 წუთის განმავლობაში მხოლოდ 7 ქულის ჩაგდება მოახერხეს და პერიოდი 7:20, პირველი ტაიმი კი 30:37 წააგეს.

პირველ ტაიმში კვლავ გამოიკვეთა ჩვენი გუნდის მხრიდან დაკარგვების პრობლემა, რომელსაც იტალია კარგად იყენებდა. მეორე მხრივ, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამქულიანების პროცენტი, წინა შეხვედრებთან შედარებით გამოსწორდა.

შეხვედრის მეორე ტაიმი, კონკრეტულად კი მესამე შედარებით თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებმა წინ გასვლა ვერ მოახერხა, მეტოქე არც დიდი ანგარიშით გაუშვია წინ და მეოთხე პერიოდის წინ, შანსი შეინარჩუნა. მესამე პერიოდი 21:21 დასრულდა, საერთო ანგარიში კი 58:51 დაფიქსირდა.

მეოთხე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა შედარებით სუსტად დაიწყო და მალევე, მეტოქე ორნიშნულიანი უპირატესობითაც დაწინაურდა, რის შემდეგაც ჩვენმა გუნდმა თამაშის მობრუნება ვეღარ შეძლო. შეხვედრის მიწურულს, იტალიელთა უპირატესობამ 20 ქულასაც მიაღწია და საბოლოოდ, შეხვედრა იტალიელთა გამარჯვებით 68:79 დასრულდა.

ჩვენი გუნდის რიგებში გამორჩეული კაპიტანი თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 29 წუთში 17 ქულა (3/6 სამქულიანი), 7 მოხსნა და 4 პასი დააგროვა, თუმცა ჰქონდა 6 დაკარგვაც. ორმაგი დუბლი შეასრულა გოგა ბითაძემ, რომელმაც 23 წუთში 12 ქულას და 11 მოხსნას მოუყარა თავი.

იტალიელთა მხარეს გამორჩეული დანილო გალინარი იყო, რომელმაც 13 ქულა ჩააგდო. ხვალიდან საქართველოს ნაკრები ლატვიაში გაემგზავრება და ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის იქ გააგრძელებს მზადებას.

იტალია 79:68 საქართველო

თორნიკე შენგელია - 17 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი
გოგა ბითაძე - 12 ქულა, 11 მოხსნა
გიორგი კორსანტია - 9 ქულა, 5 მოხსნა
ჯო ტომასონი - 9 ქულა, 4 მოხსნა
დუდა სანაძე - 8 ქულა
ალექსანდრე ფევაძე - 5 ქულა
კახა ჯინჭარაძე - 3 ქულა
ილია ლონდარიძე - 2 ქულა
რატი ანდრონიკაშვილი - 2 ქულა, 3 მოხსნა
ლუკა მაზიაშვილი - 1 ქულა
დავით კაკუშაძე - 7 წუთი, 1 დაკარგვა
გიორგი ოჩხიკიძე - 22 წუთი, 1 პასი

0.118141