ბარსელონაში ფორმულა 1-ის რიგით 1111-ე, მიმდინარე სეზონში კი მე-10 ეტაპი გაიმართა, რომელიც „რედ ბულის“ ნიდერლანდელი მრბოლელის, მაქს ფერსტაპენის გამარჯვებით დასრულდა.
რბოლა პოულ პოზიციიდან „მაკლარენის“ ბრიტანელმა პილოტმა, ლანდო ნორისმა დაიწყო, რომელსაც კვალში მაქს ფერსტაპენი ედგა. მეორე რიგი „მერსედესს“ ჰქონდა დაკავებული, მესამე რიგი კი „ფერარის“.
5 წითელი შუქის ჩაქრობის შემდეგ, სასტარტო სწორზე ლანდო ნორისი და მაქს ფერსტაპენი ერთმანეთთან ბრძოლაში ისე გაერთნენ, რომ საოცრად აღებული სტარტის მქონე ჯორჯ რასელი გამოეპარათ, შესაბამისად, „მერსედესის“ ბრიტანელმა პილოტმა პირველ მოსახვევში ორივე ლიდერს ჩაუქროლა და რბოლას ჩაუდგა სათავეში, თუმცა არც ისე დიდი ხნით.
მეორე წრეზევე მაქსმა უკანა ფრთის გახსნის უფლება მიიღო და კვლავ პირველ მოსახვევში, შესანიშნავი მანევრით ნიდერლანდელმა შეძლო ჯორჯის გადასწრება და ამჯერად უკვე ის ჩაუდგა რბოლას სათავეში.
ლიდერებიდან მე-16 წუთზე პირველები პიტ-სტოპზე ჯორჯ რასელი და კარლოს საინსი შევიდნენ. ბრიტანელს გერმანული გუნდი კარგად ვერ მოემსახურა და კინაღამ პოზიციაც დააკარგინა, თუმცა საბოლოოდ, რასელმა თავის პოზიცია მაინც შეინარჩუნა. რბოლის იმდროინდელი ლიდერი, მაქვს ფერსტაპენი კი საბურავების შესაცვლელად მე-18 წრეზე შევიდა და შესანიშნავი, 1.9 წამიანი პიტით ტრასაზე ოსკარ პიასტრის უკან დაბრუნდა.
„მაკლარენმა“ მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისშივე მიზერული იყო მათი შანსი, ოსკარ პიასტრი სტანდარტულზე დიდხანს დატოვა ტრასაზე იმის იმედად, რომ ავსტრალიელი მის უკან მყოფ მაქს ფერსტაპენს შეანელებდა და ჯერ კიდევ პიტ-სტოპში შეუსვლელ ლანდო ნორისს უპირატესობის გაზრდის საშუალებას მისცემდა, თუმცა მაქსმა უმარტივესად გადაასწრო ოსკარს და უკვე 24-ე წრეზე ლანდოსაც მოუწია პიტ-სტოპზე შესვლა, თუმცა ტრასაზე დიდი ხნით ყოფნის გამო, ბევრი პოზიცია დაკარგა.
ბოქსებიდან გამოსული ლანდო სწრაფად შეუდგა პოზიციების დაბრუნებას. კარლოს საინსის ჩამოტოვების შემდეგ, 32-ე წრეზე ლანდომ „მერსედესის“ თანამემამულე, ლუის ჰემილტონიც ჩამოიტოვა და მე-3 პოზიციაზე გადავიდა.
35-ე წრეზე ლანდო ნორისმა და ჯორჯ რასელმა დიდებული ბრძოლა შემოგვთავაზეს. სტარტ-ფინიშის სწორ მონაკვეთზე ლანდო ნორისი „ოქროსფერი ისრების“ ახალგაზრდა ბრიტანელს გვერდით ამოუდგა და თითქოს გადაასწრო კიდეც, თუმცა ჯორჯმა პოზიციის დათმობა არ გადაწყვიტა და დაახლოებით, ნახევარი ტრასის განმავლობაში, ორი პილოტი ერთმანეთის გვერდიგვერდ მიდიოდა, სანამ ლანდომ არ მოიპოვა საბოლოო უპირატესობა.
45-ე წრეზე მაქს ფერსტაპენი მეორედ შევიდა პიტ-სტოპზე და ამჯერად, ის ტრეკზე რბილი ტიპის საბურავებით, მესამე ადგილზე დაბრუნდა - ლანდო ნორისისა და შარლ ლეკლერის უკან, რომელთაც პირველ ჯერზე ბოქსები შედარებით გვიან მოიარეს. ლეკლერი ძალიან მალე შეყვა მაქსს, 48-ე წრეზე ლანდო კი ნორისიც შევიდა პიტ-სტოპზე და ისიც რბილი ტიპის საბურავებით გამოვიდა ტრეკზე.
რბოლის დარჩენილი წრეების განმავლობაში, ლანდო ნორის ბევრს ეცადა მაქს ფერსტაპენის დაწევას, თუმცა საბოლოოდ, ნიდერლანდელს 2.219 წამით ჩამორჩა და ესპანეთის გრან პრი მაქს ფერსტაპენის გამარჯვებით დასრულდა. პოდიუმის მესამე პოზიცია ლუის ჰემილტონმა დაიკავა, რომელმაც ჯორჯ რასელს აჯობა.
უსწრაფესი წრე და ბონუს ქულა, ისევე როგორც დღის მრბოლელის ჯილდო ლანდო ნორისმა მიიღო.
დღევანდელი რბოლის შემდეგ, მაქს ფერსტაპენს 219 ქულა დაუგროვდა და ლანდო ნორისთან ლიდერობა 69 ქულამდე გაზარდა. ფორმულა 1-ის მომდევნო ეტაპი ზუსტად 1 კვირაში, ავსტრიაში, „რედ ბულ რინგზე“ გაიმართება.
ესპანეთის გრან პრი
1. მაქს ფერსტაპენი (ნიდერლანდები) - „რედ ბული“
2. ლანდო ნორისი (დიდი ბრიტანეთი) – „მაკლარენი“
3. ლუის ჰემილტონი (დიდი ბრიტანეთი) – „მერსედესი“
4. ჯორჯ რასელი (დიდი ბრიტანეთი) – „მერსედესი“
5. შარლ ლეკლერი (მონაკო) – „ფერარი“
6. კარლოს საინსი (ესპანეთი) – „ფერარი“
7. ოსკარ პიასტრი (ავსტრალია) – „მაკლარენი“
8. სერხიო პერესი (მექსიკა) – „რედ ბული“
9. პიერ გასლი (საფრანგეთი) – „ალპინი“
10.ესტებან ოკონი (საფრანგეთი) – „ალპინი“
11. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია) – „ჰაასი“
12. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი) – „ასტონ მარტინი“
13. გუანიუ ჟოუ (ჩინეთი) – „კიკ ზაუბერი“
14. ლენს სტროლი (კანადა) – „ასტონ მარტინი“
15. ვალტერი ბოტასი (ფინეთი) – „კიკ ზაუბერი“
16. დენიელ რიკიარდო (ავსტრალია) – „არბი“
17. კევინ მაგნუსენი (დანია) – „ჰაასი“
18. ალექს ალბონი (ტაილანდი) – „უილიამსი“
19. იუკი ცუნოდა (იაპონია) – „არბი“
20. ლოგან სერჯენტი (აშშ) – „უილიამსი“