ფეხბურთი

0:53 | 23.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბელგიამ რუმინეთი დაამარცხა და E ჯგუფში ყველა გუნდს 3 ქულა დაუგროვდა

ევრო 2024-ზე მეორე ტური ბელგიისა და რუმინეთის ნაკრებების მატჩით დასრულდა, რომელშიც „წითელმა ეშმაკებმა“ რუმინეთი 2:0 დაამარცხეს.

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთი ძალიან სწრაფი გოლი ვიხილეთ. უკვე მე-2 წუთზე იური ტილემანსმა საჯარიმოს გარედან უზუსტესად დაარტყა, მშვენიერი გოლი გაიტანა და ანგარიში გახსნა - 1:0

ბელგიელთა გოლს რუმინეთმა მალევე სახიფათო მომენტით უპასუხა, თუმცა დრაგუშინის თავური დარტყმა კასტეელსმა მოიგერია.

„წითელი ეშმაკები“ საწყის წუთებში ძალიან აქტიურობდნენ. მე-13 წუთზე რომელუ ლუკაკუსაც შეექმნა თავისი მომენტი, თუმცა მისმა დარტყმამ მიზანს არ მიაღწია. მე-18 წუთზე უკვე ლუკებაკიომ დაარტყა ძალიან სახიფათოდ, თუმცა ნიცამ შესანიშნავი მოგერიება შეასრულა.

რუმინეთის ნაკრები დაცვაში ნამდვილად არ იდგა. იორდანესკუს ბიჭები ცდილობდნენ ანგარიშის გათანაბრებას, თუმცა პირველ ტაიმში ეს მათ ვერ მოახერხეს.

მეორე ტაიმის სტარტზევე კარგი შანსი ჰქონდა ვალენტინ მიჰაილას, რომელმაც მოედნის დიდი ნაწილი სწრაფად დაფარა, თუმცა ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა.

მალევე ამ მომენტს კევინ დე ბრუინმაც უპასუხა ორი შორეული, საფირმო დარტყმით, თუმცა მისი ერთი დარტყმა არაზუსტი გამოდგა, მეორე კი პირდაპირ ნიცას ჩაუვარდა ხელებში.

63-ე წუთზე უკვე კარგად ნაცნობი მომენტი დადგა. საკუთარი ნახევრიდან კევინ დე ბრუინის შესანიშნავი პასის შემდეგ, რომელუ ლუკაკუ ერთი-ერთზე დარჩა მეკარესთან, თუმცა მისი გოლი რაღა თქმა უნდა, გაუქმდა - ამჯერად თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა.

68-ე წუთზე რუმინეთს შეექმნა ძალიან კარგი შანსი, როდესაც მანი გავიდა ერთი-ერთზე მეკარესთან, თუმცა მას კასტეელსმა აჯობა.

მატჩის მე-80 წუთზე კასტეელსმა ბურთი თამაშში შეიყვანა. მასზე პირველმა თავით რომელუ ლუკაკუმ ითამაშა, რომელმაც კევინ დე ბრუინი ერთი-ერთზე დატოვა და ამ უკანასკნელმაც შეძლო მეორე გოლის გატანა - 2:0.



დარჩენილ დროში რუმინეთმა ვეღარ შეძლო სხვაობის შემცირება და მატჩი ბელგიელთა გამარჯვებით დასრულდა, რის შემდეგაც, E ჯგუფში ყველა გუნდს 3 ქულა დაუგროვდა.

ამ ჯგუფში ბოლო ტურის მატჩები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. 26 ივნისს ბელგია უკრაინას დაუპირისპირდება, რუმინეთი კი სლოვაკეთს.

ბელგია 2:0 რუმინეთი

ტილემანსი (2), დე ბრუინი (80)

რაინენერჯიშტადიონი - კიოლნი
მსაჯი: შიმონ მარჩნიაკი (პოლონეთი)

ბელგია (3-4-3): კასტელსი - კასტანი, ფაესი, ვერტონგენი - ტეატი (დებასტი - 77), ონანა, ტილემანსი (მანგალა - 72), დოკუ (კარასკო - 72) - დე ბრუინი, ლუკებაკიო (ტროსარი - 56), ლუკაკუ.

მთავარი მწვრთნელი: დომენიკო ტედესკო (იტალია).

რუმინეთი (4-1-4-1): ნიცა - რაციუ (სორესკუ - 90), დრაგუშინი, ბურკა, ბანკუ - მ. მარინი - მანი, რ. მარინი (ოლარუ - 68), სტანჩუ, მიჰაილა (ჰაჯი - 68) - დრაგუში (ალიბეკი - 81).

მთავარი მწვრთნელი: ედვარდ იორდანესკუ (რუმინეთი).

E ჯგუფი
რუმინეთი 1 0 1 3 3/2 1
ბელგია 1 0 1 3 2/1 2
სლოვაკეთი 1 0 1 3 2/2 3
უკრაინა 1 0 1 3 2/4 4
0.135635