ფეხბურთი

19:41 | 22.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი: "ისტორიული ქულა მოვიპოვეთ, მოგება შეიძლებოდა, მაგრამ ბრძოლას ვაგრძელებთ"

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ევრო 2024-ის მეორე ტურში, ჩეხეთის წინააღმდეგ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

23 წლის ქართველმა კიპერმა 11 სეივი მიითვალა, რაც მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე რეკორდიცაა. მატჩის შემდეგ გიორგი პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„კმაყოფილი ვარ, პირველ რიგში იმიტომ, რომ აქ ვართ, მეორე იმიტომ, რომ ისტორიული ქულა მოვიპოვეთ. ბოლო წუთზე მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ ეს ფეხბურთია და ხდება. ბრძოლას ვაგრძელებთ, პორტუგალიასთნ რთული თამაში იქნება, რადგან ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია, მაგრამ ყველაფერს ვეცდებით და ვნახოთ, რა გამოვა.

ჩეხეთის ნაკრები შეთამაშებული გუნდია, რომელიც ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობს. ხშირად აწვიდნენ საჯარიმოში, ჩვენ ეს ვიცოდით, მეტოქე შესწავლილი გვყავდა. ჩეხეთს ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს და მომავალ მატჩებში წარმატებებს ვუსურვებ“.

ყველაზე მეტად ალბათ, საბას უნდოდა, რომ გოლი გაეტანა, მაგრამ არ გამოუვიდა. ვეტყვი, რომ უნდა გააგრძელოს ვარჯიში, ძალიან მაგარი ფეხბურთელია და მომავალში გაიტანს, თავი არ უნდა დახაროს და მისთვისაც საამაყო მომენტია, რადგან პირველი ქულა მოვიპოვეთ ევროპის ჩემპიონატზე.

სიმართლე გითხრათ, არ მინახავს ლობჟანიძის მომენტი, ჩეხი მეკარე რაც ჩანდა, სწორ პოზიციაზე იდგა, საბამ ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა, მოედანზე ამის შესრულება რთულია, ნაკლები დრო გაქვს, ვიდრე ეს ჩანს ტრიბუნიდან. უბრალოდ ტექნიკურად არ გამოუვიდა შესრულება, თორემ ჩემი აზრით, ყველაფერს კარგად აკეთებდა. იმ მომენტში შემექმნა განცდა, რომ შეგვეძლო ჯგუფიდან გასვლა, სამწუხაროდ ვერ მოვიგეთ, მაგრამ შანსი კიდევ გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ.

გაუქმებული და გაშვებული გოლები ერთმანეთს ჰგავდა? ორივე შემთხვევაში კონცენტრაცია დავკარგეთ. პირველ შემთხვევაში გაგვიმართლა, რადგან ჩეხმა ხელით გაიტანა, რაც შეეხება გოლს, როდესაც ასეთ დიდ ტურნირზე თამაშობ, არ შეიძლება კონცენტრაცია დაკარგო. პირველ რიგში, მე დავკარგე კონცენტრაცია და ამიტომაც გავუშვით გოლი“, - თქვა მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს და ბოლო ტურში 26 მაისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

WORLDSPORT.GE ჰამბურგიდან

ჩვენი მხარდამჭერია სპორტისა და კულტურის სამინისტრო და ჟურნალისტთა ასოციაცია

0.113463