საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში ჰამბურგში ჩეხეთის ნაკრებთან ითამაშა და ისტორიაში პირველი ქულა მოიპოვა დიდ საფეხბურთო ტურნირზე. გიორგი მიქაუტაძის პენალტს მეორე ნახევარსი პატრიკ შიკმა უპასუხა და ფრე - 1:1.
საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში წინა მატჩთან შედარებით ერთადერთი ცვლილება მოხდა - გიორგი ჩაკვეტაძის ადგილი ზურიკო დავითაშვილმა დაიკავა.
თამაში ვილი სანიოლის გუნდმა ცოტა არეულად დაიწყო და მესამე წუთზე გიორგი მამარდაშვილმა ზედიზედ სამჯერ გარდაუვალი გოლისგან იხსნა გუნდი. ქართველი მეკარე სამივე მომენტში შეუდარებელი იყო. ზოგადად, ფიზიკურად ძლიერი ჩეხების წინააღმდეგ ორთაბრძოლებში საქართველოს ნაკრებს თამაში ძალიან უჭირდა, ბევრი დუელი დავთმეთ, რამაც ჩეხებს ფლანგებიდან ჩაწოდებების და ხიფათის შექმნის საშუალება მისცეს.
23-ე წუთზე ადამ ჰლოჟეკმა გოლიც გაიტანა, როცა მამარდაშვილის მორიგ ბრწყინვალე სეივს დაამატა, მაგრამ ბურთი მან კარში ხელით გადაგზავნა, შესაბამისად, VAR-ზე მომენტი გადამოწმდა გოლი გაუქმდა. ეს უკვე მეორე გოლია, რომელიც VAR-ს შედეგად გაუქმდა ამ ევროზე საქართველოს ნაკრების კარში.
44-ე წუთზე გურამ კაშიამ ითამაშა საჯარიმოში კარგად, ახლო მანძილიდან დაარტყა, თუმცა მეკარემ აჯობა. მიუხედავად ამისა, ეს შედეგიანი შეტევა გამოდგა, რადგან სანამ ბურთი კაშიას მიუვიდოდა, მანამდე საჯარიმოში ხელით რობინ ჰრანაჩმა ითამაშა. საქმეში VAR-ი კიდევ ერთხელ ჩაერთო და ამჯერადაც ჩვენთვის სასარგებლო ვერდიქტი იქნა გამოტანილი - პენალტი! ბურთთან გიორგი მიქაუტაძე მივიდა, რომელმაც მეკარეს შანსი არ დაუტოვა და ევრო 2024-ზე მეორე ქართული გოლის ავტორიც გიორგი გახდა.
ტაიმის ბოლომდე არაფერი რჩებოდა, მაგრამ ჩეხებმა ბურთი თამაშში შეიყვანეს თუ არა, მომენტიც შექმნეს: პატრიკ შიკმა ითამაშა კარგად, რომელმაც ისარგებლა მცველების უყურადღებობით, მაგრამ გიორგი მამარდაშვილი უბრალოდ ფანტასტიკური იყო! საქართველოს ნაკრების მეკარემ პირველი ტაიმი 8 მოგერიებით დაასრულა, რაც გასაოცარი შედეგია.
მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა ბურთის კონტროლით დაიწყო, ჩეხეთიც ვეღარ ახერხებდა სახიფათოდ შეტევას. სანიოლის გუნდს 57-ე წუთზე ორბურთიანი უპირატესობის მოპოვება შეეძლო, სწრაფი კონტრშეტევის შედეგად, როცა კვარაცხელიამ ანზორ მექვაბიშვილი დატოვა დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ მან ბურთი კარს ააცილა.
ორიოდ წუთში დაუწერელი საფეხბურთო კანონი ამოქმედდა - ვერ გაიტან, გაგიტანენ... კუთხურის შემდეგ ძელმა გადაგვარჩინა, მაგრამ დამატებაზე ყველას პატრიკ შიკმა დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა.
ამის შემდეგ თამაშის ჩეხეთის ნაკრების საგრძნობი უპირატესობით წარიმართა. გაშვებულმა გოლმა საქართველოს ნაკრებზე ძალიან ცუდად იმოქმედა და გუნდმა უხეში შეცდომების დაშვებას მოუხშირა. ჩვენი გუნდის მხრიდან საუკეთესო მამარდაშვილი იყო, რომელმაც ორჯერ შორეული დარტყმა მოიგერია და გიორგიმ დიდებული თამაში ჩაატარა, ალბათ, კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო.
საქართველოს ნაკრებს მოგება მაინც შეეძლო: ბოლო წამზე(!) ჩაკვეტაძის შესანიშნავი პასით საბა ლობჟანიძე მეკარესთან პირისპირ იყო, უნდა გაეტანა, ისტორიულ თამაშს მოაგებინებდა გუნდს, მაგრამ საბას ერთი შეხებით დარტყმული ბურთი კარს ზემოდან გადასცდა, თამაშიც აქ დასრულდა... შესაბამისად, გუნდებმა ქულები გაიყვეს. საქართველოსაც და ჩეხეთსაც ორი ტურის შემდეგ თითო ქულა აქვთ და ჯგუფიდან გასასვლელად სანიოლის გუნდს ბოლო ტურში პორტუგალიასთან მოგება დასჭირდება, რაც უძნელესი ამბავი იქნება...
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველო - ჩეხეთი (1:0)
ჰამბურგი, „ფოლკპარკშტადიონი“
საქართველო (3-4-2-1): მამარდაშვილი; კვირკველია (გველესიანი 81), კაშია, დვალი; კაკაბაძე, მექვაბიშვილი, ქოჩორაშვილი, წიტაიშვილი (ლოჩოშვილი 62); დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 62), კვარაცხელია (ლობჟანიძე 81); მიქაუტაძე (ქვილითაია 88)
მწვრთნელი: ვილი სანიოლი
ჩეხეთი (3-4-3): სტანეკი; ჰოლეში, ჰრანაჩი, კრეიჩი; ცოუფალი, პროვოდი (ბარაკი 81), სოუჩეკი, დ. იურაშეკი (შევჩიკი 81); ჩერნი (მ. იურაშეკი 55), შიკი (ხიტილი 68), ჰლოჟეკი (ლინგრი 55)
მწვრთნელი: ივან ჰაშეკი
გოლები: 1:0 მიქაუტაძე (45, პენ), 1:1 შიკი (59)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: გიორგი მამარდაშვილი
გაფრთხილება: კაშია (36), გველესიანი (82), მექვაბიშვილი (83), ქოჩორაშვილი (90) - ცოუფალი (18), პროვოდი (40), ჰოლეში (53), სოუჩეკი (81)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (2) – 26 (11) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 5:11 თამაშგარე: 0:1
მსაჯი: დანიელ ზიბერტი (გერმანია)
WORLDSPORT.GE ჰამბურგიდან
ჩვენი მხარდამჭერია სპორტისა და კულტურის სამინისტრო და ჟურნალისტთა ასოციაცია