ფეხბურთი

0:56 | 22.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ევროზე პირველი უგოლო, მაგრამ სანახაობრივი ფრე დაფიქსირდა

დღევანდელი სათამაშო დღე ევრო 2024-ზე ნიდერლანდებისა და საფრანგეთის მატჩით დაიხურა, რომელშიც ევროპის ჩემპიონაზე პირველი უგოლო ფრე დაფიქსირდა, არადა შეხვედრა ძალიან საინტერესო და მომენტებით დახუნძლული გამოდგა.

შეხვედრა ძალიან მაღალ ტემპში დაიწყო და პირველივე წუთზე, ჯერემი ფრიმპონგს, 3 წუთში კი ანტუან გრიზმანს ჰქონდათ შანსები. ორივე შემთხვევაში მეკარეები ადგილზე იყვნენ.

მე-15 წუთზე საფრანგეთის ნაკრებს ურეალურესი მომენტი შეექმნა. მარკუს ტურამის შესანიშნავი პასის შედეგად, ადრიენ რაბიო მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩა, თუმცა დარტყმის მაგივრად, გვერდით მყოფ გრიზმანს გაუკეთა პასი. ეს გადაცემა ოდნავ არაზუსტი იყო, რის გამოც გრიზმანმა ფაქტობრივად ცარიელ კარში ვერ შეძლო გოლის გატანა, 1 წუთში კი „ატლეტიკოს“ შემტევს კიდევ ერთი მომენტი შეექმნა და გოლი კვლავ არ გავიდა.



ამ მომენტიდან ძალიან მალევე, უკვე კოდი გაკპომ დაარტყა შორი დისტანციიდან და მას მაიკ მენიომ აუღო.

ამის შემდეგ, გუნდებმა შედარებით დააგდეს თამაშის ტემპი და მატჩის პირველი, საინტერესო ნახევარი უგოლოდ დასრულდა.

შეხვედრის მეორე ტაიმი შედარებით ფრთხილად დაიწყო. პირველი რეალური მომენტი 65-ე წუთზე კვლავ ანტუან გრიზმანს შეექმნა. ფრანგების შესანიშნავი კომბინაციის შედეგად, ბურთი კანტეს მიუვიდა, რომელმაც მშვენიერი პასით ანტუან გრიზმანი ხელსაყრელ პოზიციაზე დატოვა, თუმცა ამ უკანასკნელმა კარგად ვერ დაარტყა და ბარტ ფერბრუგენმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ინიციატივა ფრანგების მხარეს იყო, გოლი 69-ე წუთზე ჩავი სიმონსმა გაიტანა, თუმცა ჯერ გვერდით მსაჯთან კონსულტაციის, შემდეგ კი ვიდეო რეფერის დასტურითაც, ენტონი ტეილორმა თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი გაუუქმა. როგორც აღმოჩნდა, ჩავი სიმონსის დარტყმის შემდეგ მაიკ მენიოს ბურთის მოგერიებიაში ხელი თამაშგარეში მყოფმა დენზელ დუმფრისმა შეუშალა.

ამ არჩათვლილი გოლის შემდეგ, გუნდებმა შედარებით ფრთხილად დაიწყეს თამაში. ვინაიდან, ორივე მათგანს პირველი ტურის მატჩი მოგებული ჰქონდა, ქულის დაკარგვად გარისკვა არცერთს უღირდა, რის გამოც ევრო 2024-ზე პირველი 0:0 დაფიქსირდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიუხედავად იმისა, რომ კილიან მბაპე სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა, ამ მატჩი მონაწილეობა მას არ მიუღია.

ამ ჯგუფში ბოლო ტურის მატჩები 25 ივნისს გაიმართება. ნიდერლანდების ნაკრები ავსტრიას დაუპირისპირდება, საფრანგეთი კი პოლონეთს.

ხვალ კი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. დღის პირველ მატჩში, 17:00 საათზე, ჰამბურგში, საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება.

ნიდერლანდები 0:0 საფრანგეთი

რედ ბულ არენა - ლაიპციგი
მსაჯი: ენტონი ტეილორი - ინგლისი

ნიდერლანდები (4-3-3): ფერბრუგენი - დუმფრისი, დე ვრაი, ვან დაიკი, აკე - სხოუტენი (ფეერმანი - 73), რაინდერსი, სიმონსი (ვეინალდუმი - 73) - ფრიმპონგი (გეერტრუიდა - 73), დეპაი (ვეგჰორსტი - 79), გაკპო.

მთავარი მწვრთნელი: რონალდ კუმანი (ნიდერლანდები).

საფრანგეთი (4-3-3): მენიო - კუნდე, უპამეკანო, სალიბა, ერნანდესი - კანტე, რაბიო, ჩუამენი - გრიზმანი, დემბელე (კომანი - 75), ტურამი (ჟირუ - 75).

მთავარი მწვრთნელი: დიდიე დეშამი (საფრანგეთი).

D ჯგუფი
ნიდერლანდები 1 1 0 4 2/1 1
საფრანგეთი 1 1 0 4 1/0 2
ავსტრია 1 0 1 3 3/2 3
პოლონეთი 0 0 2 0 2/5 4
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113261