ცნობილმა საფეხბურთო ვებ-გვერდმა, GOAL.COM-მა ევრო 2024-ის სამი გუნდი გამოარჩია, რომელთაც შეუძლიათ წარმატებას ყველასგან მოულოდნელად მიაღწიონ და მათ შორის, ერთ-ერთ გუნდად საქართველო დაასახელა.
„საქართველომ ევრო 2024-ზე გასვლით ისტორია დაწერა. მათ ნიჭიერი მოთამაშეების დიდი არჩევანი აქვთ, რომელთაც „ნაპოლის“ ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია უძღვება, კარში კი ზურგს „ვალენსიას“ მეკარე, გიორგი მამარდაშვილი უმაგრებს. ნაკრებს ფრანგი ვილი სანიოლი წვრთნის და მისი გუნდი შეეცდება თურქეთთან დაგროვებული პოზიტიური ენერგია ჩეხეთის და პორტუგალიის წინააღმდეგაც გამოიყენოს“ - წერია სტატიაში.
GOAL.COM-მა საქართველოს ნაკრების გარდა კარგი თამაშით ალბანეთის ნაკრები გამოარჩია, იტალია კი სიაში იმიტომ შეიყვანა, რომ მიმდინარე ევროზე მათგან ტიტულის დაცვას ცოტა თუ ელოდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის პირველი მატჩი თურქეთთან 1:3 დათმო, ჩეხეთთან მატჩი კი 22 ივნისს, 17:00 საათზე გაიმართება.