ფეხბურთი

18:56 | 21.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინამ თამაში მეორე ტაიმში მოატრიალა და პირველი 3 ქულა მოიპოვა

ევრო 2024-ის მომდევნო სათამაშო დღე E ჯგუფის მატჩით გაიხსნა, რომელშიც უკრაინის ნაკრებმა მეორე ტაიმში შეძლო სლოვაკეთის დამარცხება ანგარიშით - 2:1 და პირველი გამარჯვება მოიპოვა.

დასაწყისისთვის, აუცილებლად უნდა ვთქვათ იმის შესახებ, რომ სერგეი რებროვმა „რეალ მადრიდის“ მეკარეს, ანდრეი ლუნინს გასულ თამაშში დაშვებული შეცდომები არ აპატია და კარში „ბენფიკას“ მეკარე, ანატოლი ტრუბინი ჩააყენა.

შეხვედრა არც თუ ისე აქტიურად დაიწყო, თუმცა 15 წუთის შემდეგ სლოვაკეთი შედარებით გააქტიურდა და მე-17 წუთზე, მარცხენა ფლანგიდან ლუკას ჰარასლინის მიერ ჩაწოდებულ ბურთზე თავით პირველმა ივან შრანცმა ითამაშა, რომელმაც ტურნირზე მეორე გოლი გაიტანა და თავისი გუნდი დააწინაურა - 1:0.



უკრაინის ნაკრებმა გაშვებული გოლის შემდეგ დიდად ვერაფერი შეცვალა. რამდენჯერმე შეტევა სცადა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა და პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით წააგო.

მეორე ტაიმში რებროვმა გუნდს უფრო აქტიურად თამაშის დავალება მისცა და ამან შედეგი მალევე გამოიღო. 54-ე წუთზე ოლექსანდრ ზინჩენკოს მიერ გაკეთებულ დაბალ გადაცემას მიკოლა შაპარენკო გამოეხმაურა და ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

ჩეხეთმა გაშვებული გოლის შემდეგ კიდევ უფრო ფრთხილად დაიწყო მოქმედება და მეტოქეს მისცა ინიციატივის ხელში აღების საშუალება, რამაც აშკარად არ გაამართლა.

მე-80 წუთზე ცვლილებაზე გამოსული რომან იარემჩუკი მშვენივრად გაიხსნა, შაპარენკოსგან კარგი პასიც მიიღო და მეკარის წინ ბურთის მშვენიერი დამუშავების შემდეგ, თავისი გუნდი ზუსტი დარტყმით წინაც გაიყვანა - 1:2.



სლოვაკეთმა დარჩენილ დროში ანგარიშის გათანაბრება ვეღარ შეძლო და უკრაინის ნაკრებმა პირველი 3 ქულა მოიპოვა. ამ ჯგუფის მეორე მატჩი ხვალ, ბელგიასა და რუმინეთს შორის გაიმართება, ბოლო ტურში კი, 26 ივნისს, უკრაინა - ბელგიისა და სლოვაკეთი - რუმინეთის დაპირისპირება შედგება.

სლოვაკეთი 1:2 უკრაინა
შრანცი (17) - შაპარენკო (54), იარემჩუკი (80)

მერკურ შპილ-არენა - დიუსელდორფი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი)

სლოვაკეთი (4-3-3):
დუბრავკა - პეკარიკი, ვავრო, შკრინიარი, ჰანცკო (ობერტი - 67) - კუცკა, ლობოტკა, დუდა (ბენეში - 60) - შრანცი (საუერი - 86), ჰარასლინი (სუსლოვი - 67), ბოჟენიკი (სტრელეცი - 60).

მთავარი მწვრთნელი: ფრანჩესკო კალცონა.

უკრაინა (4-3-3): ტრუბინი - ტიმჩიკი, ზაბარნი, მატვიენკო, ზინჩენკო - ბრაჟკო (სიდორჩუკი - 85), შაპარენკო (ტალოვიეროვი - 90+2), სუდაკოვი - მუდრიკი (მალინოვსკი - 85), იარმოლენკო (ზუბკოვი - 67), დოვბიკი (იარემჩუკი - 67).

მთავარი მწვრთნელი: სერგეი რებროვი.

E ჯგუფი
რუმინეთი 1 0 0 3 3/0 1
უკრაინა 1 0 1 3 2/4 2
სლოვაკეთი 1 0 1 3 2/2 3
ბელგია 0 0 1 0 0:1 4
0.085617