11:09 | 21.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

დე ლა ფუენტე: „ჯერ ვერ ვხედავ გუნდს, რომელიც ესპანეთის ნაკრებს შეედრება“

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში იტალიასთან გამარჯვებაზე (1:0) ისაუბრა.

„ვამაყობ შედეგით და იმით, თუ როგორ მოვიგეთ მატჩი. მაგრამ ეს ძალიან რთული ტურნირია. რაც უფრო წინ მივიწევთ, მით უფრო მეტად გვცნობენ მოწინააღმდეგეები და ყველაფერი გართულდება. აქ ბევრი კარგი გუნდია, თუმცა ჯერ-ჯერობით ვერავის ვხედავ ჩვენი დონისას, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ შრომა. მყარად დავდგეთ ფეხზე და ფხიზლად ვიყოთ.

მომავალ თამაშამდე გუნდს განვაახლებთ. სიტუაცია გვაძლევს ამის საშუალებას. არ ვაპირებთ ვინმეს რაიმე დავუთმოთ. გვყავს ტოპ-ფეხბურთელები, რომლებიც ჯერ არ გამოსულან მოედანზე და სურთ საკუთარი თავის ჩვენება.

ჩვენ გამოვიყენებთ როტაციას და მივცემთ შანსს მათ, ვისაც არ, ან ნაკლებად უთამაშია“, - ციტირებს უეფას პრესსამსახური დე ლა ფუენტეს სიტყვებს.

მე-3 ტურში ესპანეთი ალბანეთს დაუპირისპირდება, იტალია კი ხორვატიას შეხვდება. ორივე თამაში 24 ივნისს გაიმართება.

0.111704