ფეხბურთი

2:15 | 21.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში ჩეხეთთან გასამართი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს.

20 ივნისს, ვილი სანიოლის გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე 25 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებს მზადებას ოთარ კიტეიშვილი.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ჩეხეთის ნაკრებს 22 ივნისს, ჰამბურგში დაუპირისპირდება. 21 ივნისს, ჩვენი გუნდი მატჩისწინა ვარჯიშს ფელბერტში გამართავს. აკრედიტებული მედიისთვის ვარჯიშის საწყისი 15 წუთი ღია იქნება. საწვრთნელი პროცესის დასრულების შემდეგ, ნაკრები ჰამბურგში გაემგზავრება, სადაც 18:30 საათზე მატჩის მასპინძელ სტადიონზე ოფიციალური პრესკონფერენცია გაიმართება.

ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩის და ჩეხეთთან მოახლოებული შეხვედრის შესახებ სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ისაუბრა:

ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): "კიდევ ერთხელ მინდა სრულიად საქართველოს, გულშემატკივარს მივულოცო ისტორიული დებიუტი ევროპის ჩემპიონატზე. აჟღერდა ჩვენი ქვეყნის ჰიმნი, აღიმართა ჩვენი დროშა და ყველაზე დიდი ბედნიერება ეს იყო. ემოციური დღე იყო, ამდენი ქართველი გულშემატკივარი და გარემო, რომელიც დორტმუნდში სუფევდა განსაკუთრებული იყო. მადლობა გუნდის თითოეულ წევრს და მთავარ მწვრთნელს. ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ გვეამაყა. ვიყავით ამაყები და ამავდორულად გულდაწყვეტილები, რადგან შედეგი, რომელიც დაფიქსირდა, არ ასახავდა თამაშის სურათს.

ტურნირი გრძელდება და ფეხბურთელები სრული კონცენტრაციით ემზადებიან მომდევნო მატჩისთვის. განსხვავებული თამაში გველის. სხვა მოწინააღმდეგე გვყავს, თავისი ძლიერი და სუსტი მხარეებით. რთული მატჩი იქნება, თუმცა ყველაფერი კეთდება, რომ თამაშისგან არა მხოლდო პოზიტიური ემოციები, არამედ შედეგიც მივიღოთ. ქულები და თამაშის მოგება გვჭირდება, იმისთვის, რომ დიდი ხანი დავრჩეთ ევროპის ჩემპიონატზე და გავიხანგრძლივოთ ეს არაჩვეულებრივი დღეები".

NAKREBI.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.130503